საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის აზრით, სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე აგვისტოს ომის საქმეზე, ქართული მხარის მიერ მტკიცებულებების თავმოყრა რეალურად 2013 წლიდან დაიწყო.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოს პოზიციები საკმაოდ ძლიერი და საკმარისია იმისთვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს.
„ჩვენი პოლიტიკური მიზნების მიღწევა მრავალმხრივი სტრატეგიული გეგმების რეალიზაციით ხდება, მათ შორის, ერთ-ერთი საგანგებო მნიშვნელობის თემაა სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სისწორის დამტკიცება. საქართველოს მხარე საკმაოდ ძლიერად არის წარმოდგენილი. არგუმენტები, მტკიცებულებები, რომელთა თავის მოყრა რეალურად 2013 წლიდან დაიწყო და საქმეს ახლავს, ვფიქრობ, საკმარისი იქნება იმისათვის, რომ საქართველოს პოზიციამ გამარჯვება ჰპოვოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" (II) 23 მაისს ბოლო მოსმენა გაიმართება.