საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს

ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მომავალშიც გავაგრძელოთ წარმატებული სვლა ევროპისკენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამის გათვალისწინებით მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეიმუშაოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომელშიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები აისახება.

პრემიერის თქმით, საგზაო რუკა ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მეტ პოლიტიკურ დაახლოებას და სექტორულ ინტეგრაციას ევროკავშირთან, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. 

„აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან განიხილება, როგორც ლიდერი ქვეყანა გატარებული რეფორმებით და მინდა, კომისიის ყველა წევრს მოგილოცოთ ეს წარმატება. ჩვენ ნამდვილად გვაქვს საამაყო ის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველას მიერ აღიარებული ლიდერია განხორციელებული რეფორმებით, მიღწეული შედეგებით. მინდა, თქვენს ყველა თანამშრომელს ჰქონდეს ეს განცდა და ყველას გადასცეთ მადლობა. ჩვენი სტრატეგიული მიზანი - ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანება მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ფართო ჩართულობით და ყველა უწყების აქტიურობით მიიღწევა, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, ვინც ამ წარმატებაში მონაწილეობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა, რომლის დევიზია „მეტი ინტეგრაცია მეტი შესაძლებლობებისთვის“, შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობით წლის ბოლომდე შემუშავდება. 

მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფციაზე ასევე ფართო კონსულტაციები გამართოს მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, ვინაიდან ეს გეგმა აბსოლუტურად ყველასი, თითოეული მოქალაქის უნდა იყოს. 

პრემიერი იმ საზეიმო ღონისძიებებსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოში ევროპის დღეებთან დაკავშირებით იმართება. 

„5 მაისს საქართველოში დაიწყო ევროპის დღეების აღნიშვნა. სადღესასწაულო ღონისძიებები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში რამდენიმე დღეს გასტანს. ევროკავშირი დღეს მთელს მსოფლიოში მშვიდობასთან, ერთიანობასთან, წარმატებულ განვითარებასთან ასოცირდება და სასიხარულოა, რომ საქართველოში ევროპის დღეების აღნიშვნა უკვე კარგ ტრადიციად იქცა. ყოველწლიურად მოსახლეობის სულ უფრო მეტი ჩართულობაა, რაც ძალიან სასიხარულოა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.