ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ, მავთულხლართებით დაშორებული ბევრი ადამიანი ჩამოართმევს ხელს ერთმანეთს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი იქმნება.
"ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ, მავთულხლართებით დაშორებული ბევრი ადამიანი ჩამოართმევს ხელს ერთმანეთს. ახალგაზრდებს აფაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეეძლებათ მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; იქმნება ახალი შესაძლებლობები ვაჭრობისთვის და შეღავათები ერთობლივი ბიზნეს პროექტებისთვის; ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, აფაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მცირე მეწარმეებს შეეძლებათ ისარგებლონ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული პრივილეგიებით, მათ შორის ევროკავშირში; მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ასევე სამოქალაქო აქტების გაცემის და რეგისტრაციის სერვისები"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილება ცხრა კანონში ხორციელება, პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.