რუსეთს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს, - ამის შესახებ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას თავდაცვისა და უშიშროროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
დავით სუჯაშვილის განცხადებით, პარლამენტში დღეს საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა იყო.
„დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა დაზვერვის სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. თუ შეიძლება მე დაგისვმათ კითხვას - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის მთავარი საფრთხე?“ - მიმართა მან მედიის წარმომადგენლებს.
კითხვაზე, თუ დაასახელა მან ქვეყანა, საიდანაც ეს საფრთხე მოდის, დავით სუჯაშვილმა განაცხადა, რომ საუბარი ზოგადად შეეხო ბევრ ქვეყანას და იმ ქვეყნებს, საიდანაც მოდის საფრთხე.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა რუსეთი მთავარი საფრთხე, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთს აქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები.
„რა თქმა უნდა, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს“, - განაცხადა სუჯაშვილმა.
კითხვაზე - ეთანხმება თუ არა ის განცხადებას, რომ მთავარი საფრთხე არის თურქეთი, დავით სუჯაშვილის განცხადებით, თურქეთი არის საქართველოს პარტნიორი ქვეყანა.