EurasiaNet.org წერს, რომ საქართველოს მთავრობა და MTV ახლოს არიან იმ შეთანხმების გაფორმებასთან, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა, შესაძლოა, პოპ-მუსიკის მოყვარულთა ლაშქრობის ადგილად აქციოს.
”EurasiaNet.org"–სთვის ცნობილი გახდა, რომ ქართველი ჩინოვნიკები და MTV–ს წარმომადგენლები საქართველოში მაღალი კლასის როკკონცერტების სერიის გამართვაზე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავენ. წყარომ, რომელიც ამ პროცესთან ახლოსაა, ანონიმურობის პირობით EurasiaNet.org–ს განუცხადა, რომ მოლაპარაკებები "ძალიან, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს", - წერს ჟურნალისტი მოლი კორსო.
გამოცემის თანახმად, თუკი შეთანხმება მიღწეულ იქნება, კონცერტები MTV Impact–ის (გასართობი მუსიკალური ქსელის ახლახანს ჩამოყალიბებული განყოფილების) ეგიდით გაიმართება, რომელიც საკონცერტო პროექტებს ეკონომიკური განვითარების წახალისებისა და აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთში, აფრიკაში, ინდოეთსა და ახლო აღმოსავლეთში MTV–ის ბაზრების გაფართოების მიზნით ახორციელებს.
მოლი კორსო წერს, რომ ინფორმაცია MTV–სთან მოლაპარაკებებზე მალევე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ბოლო წუთს ჩაიშალა ნიუ–იორკის ფილარმონიის ორი კონცერტი, რამაც დარტყმა მიაყენა მთავრობის ძალისხმევას, საქართველო კულტურულ ცხელ წერტილად ექცია.
სექტემბერში, MTV Impact–ის ხელმძღვანელმა ნეილ შარმამ თბილისში იმოგზაურა იმ მიზნით, რომ კონცერტების ჩატარების რეკლამირებისა და ამ საქმეში კერძო სექტორის მხარდაჭერის მოპოვებისთვის, ქართული და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედროდა.
MTV Impact–ის ერთი კონცერტის ღირებულება მინიმუმ 2 მილიონი დოლარია, შესაბამისად ფინანსები მოლაპარაკებების მთავარი ფაქტორია. EurasiaNet.org–სთვის ნაჩვენები დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ეძებს კორპორატულ სპონსორებს, რომლებიც ხარჯების დიდ ნაწილს დაფარავენ.
ერთ–ერთი დამფინანსებელი კომპანიის ვინაობა უკვე ცნობილია. სამთო–მწარმოებელი კომპანია "მადნეულის" წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კომპანიას სურს MTV Impact–ის ღონისძიების სპონსორი გახდეს. დეტალები "მადნეულის" შესაძლო სპონსორობის მასშტაბების შესახებ ჯერ–ჯერობით უცნობია.
EurasiaNet.org–თან სატელეფონო ინტერვიუში MTV Impact–ის ხელმძღვანელმა შარმამ მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ქსელი საქართველოში "ბიზნეს შესაძლებლობებს იკვლევს".
თუკი პროექტი განხორციელდება, კონცერტები The Isle of MTV–ის ფესტივალების მსგავსი იქნება, როდესაც ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულ მალტაზე ისეთი საერთაშორისო პოპ–ვარსკვლავები და მათი ათობით ათასი ფანი იყრის თავს, როგორებიც არიან მაგალითად Lady GaGa, Scissors Sisters, Black-Eyed Peas და Kelis.
"თუკი შეთანხმება შედგა, MTV–ის კონცერტები გახდება იმ აქტიური ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიმართულია საქართველოში ტურისტების და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვისკენ, ამჯერად პოპულარული მუსიკალური ღონისძიების გზით", - წერს გამოცემა.
ინტერპრესი