რა კავშირშია ინჟინერი აბულაძე, მაიორი ბორისოვი და მზვერავი პაჭკორია?

რა კავშირშია ინჟინერი აბულაძე, მაიორი ბორისოვი და მზვერავი პაჭკორია?

 

„ევგენი(ჟენია) ბორისოვის როლი ქართული კონტრდაზვერვის განვითარებაში“-ამ თემაზე სამეცნიერო თუ არა სამაგისტრო ნაშრომი ქართულ რეალობაში სავარაუდოდ მალე გამოჩნდება. მანამდე კი, ფე-ეს-ბეს მაიორის აჩრდილთან გამკლავებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევე „წარმატებით“ შეეცდება, როგორც აქამდე.

ბორისოვი თბილისში, ხობში, ზუგდიდში... ბორისოვი ყველგან!

მერაბიშვილის უწყების მიერ საქართველოში განხორციელებული თუ განუხორციელებელი ტერაქტების ორგანიზებაში დადანაშაულებული და ინტერპოლის მიერ ძებნილად გამოცხადებული რუსი მაიორის სახელი ამჯერად ანაკლიაში გაჟღერდა, უფრო სწორად, დაიწერა.

„გადავედი აფხაზეთში, ჟენიას შესახვედრად. ამის შესახებ იცის მალხაზ პაჭკორიამ.“

2012 წლის 18 იანვრით დათარიღებული ამ შინაარსის ბარათი 42 წლის ანაკლიელს, გოგიტა აბულაძეს ეკუთვნის და მისმა მშობლებმა მისივე გაუჩინარებიდან ორი თვის თავზე შემთხვევით იპოვნეს. სერიოჟა და ცინარა აბულაძეები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ მათი ერთადერთი ვაჟიშვილი ქართული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციას შეეწირა.

სერიოჟა აბულაძე ვარაუდობს, რომ წერილში ნახსენები ჟენია, სწორედ ის რუსი მაიორია, რომელსაც მისი ოჯახის წევრებთან ერთად ანაკლიის მოსახლეობაც კარგად იცნობდა. წლების განმავლობაში სოფლის ტერიტორიაზე დსთ-ს სამშვიდობო მანდატით დისლოცირებული რუსი სამხედროების გადაადგილება და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის არსებობა უცხო არც საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო.

ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორთან კავშირის დასამყარებლად გოგიტა აბულაძის გამოყენება, ზემოთ ნახსენები არგუმენტების გათვალისწინებით, შს სამინისტროსთვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება იყო, თუმცა რა მოხდა რეალურად, სად და რა ვითარებაში აღმოჩნდა რეზიდენტი თუ უბრალოდ მსხვერპლი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი, ამ დრომდე უცნობია.

ცნობილია ის, რომ გაუჩინარებამდე დაწერილ წერილში ნახსენები კიდევ ერთი სახელი, მალხაზ პაჭკორია, სამეგრელოს რეგიონში კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უწყებაში მაღალ თანამდებობას იკავებს.

სერიოჟა და ცინარა აბულაძეებმა მასთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ მოახერხეს, თუმცა პაჭკორიამ გაუჩინარებულთან არა თუ თანამდებობრივი კავშირი,  უბრალო ნაცნობობაც კი უარყო. For.ge-სთან სატელეფონო საუბარში პაჭკორიამ იგივე არგუმენტები დაასახელა.

სერიოჟა აბულაძის განცხადებით შვილის კვალი ორსანტია-კოკის გადასახვევთან იკარგება. 18 იანვარს, გოგიტა აბულაძე თვითმხილველებმა ბოლოს ანაკლია-ზუგდიდის სამარშრუტო ტაქსში ნახეს, სადაც იგი უცხო პირს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას აწვდის და სავარაუდო მითითების შემდეგ ქართულ-აფხაზური ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, სოფელ ორსანტიასთან ჩადის. გოგიტა აბულაძე სასტუმრო „ანაკლია“-ს ადმინისტრაციამაც გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე ნახა. სასტუმროს თანამშრომლები არაოფიციალურ საუბარში აცხადებენ, რომ აბულაძე „ანაკლიაში“ ინჟინერ-ელექტრიკოსად მუშაობდა და დაკისრებულ მოვალეობას მისი გახსნის დღიდან ზედმიწევნით ასრულებდა. 16 იანვარს კი, გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე, გოგიტა აბულაძე სასტუმროს მენეჯერს რამდენიმე დღით დაეთხოვა.

გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიების მიმართ უნდობლობა აბულაძის ოჯახს პირველი დღიდან გაუჩნდა. სერიოჟა და ცინარა აბულაძეები სამართალდამცავებს ტენდენციურობაში ადანაშაულებენ და დაკარგული შვილის ძებნაში დახმარებას მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენჯერმე დატოვებული უპასუხო წერილის შემდეგ აბულაძეებმა სააკაშვილთან შეხვედრა და ბარათის გადაცემა ანაკლიაშივე გადაწყვიტეს, თუმცა ყველა მცდელობა ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ხანდაზმული ადამიანების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით აღკვეთეს.

სერიოჟა აბულაძე for.ge-სთან საუბრისას იმ ფაქტებს იხსენებს, როცა ანაკლიის ცენტრში რამდენჯერმე მისულს პოლიციის თანამშრომლებმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა აუკრძალეს და ძალის გამოყენებით შინ დააბრუნეს.

პრეზიდენტთან მიახლოების საშუალებას სამართალდამცავები და სამთავრობო დაცვის წევრები არც ცინარა აბულაძეს აძლევდნენ. გაუჩინარებულის დედა იმ ინციდენტს იხსენებს, როცა პოლიციამ ანაკლიაში მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტის დროს ცოცხალი კედელი აღმართა და მას წერილის გადაცემის საშუალება არ მისცა. პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილ წერილში ცინარა აბულაძე აღნიშნავს:

„15 აპრილს, თქვენ, ბატონო პრეზიდენტო, იმყოფებოდით ანაკლიაში. შევეცადე თქვენთან ახლოს მივსულიყავი და წერილი გადმომეცა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ლევან ქირიამ კრიმინალივით გამაკავა 70 წლის ქალი, პირზე ხელი ამაფარა, იმდენ ხანს მიჭერდა და თან ისე ძლიერ, რომ ჩემი ჩადგმული კბილები გადამაყლაპა. ერთი პერიოდი კინაღამ დამახრჩო. ყურში ჩუმად მემუქრებოდა, დღეის მერე ცხოვრება არ გინდაო და გამათრია დაუნდობლად“.

იმავე წერილში ცინარა აბულაძე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზეც საუბრობს:

„ჩემი შვილის საქმეზე დანიშნულ მესამე გამომძიებელს, გიგა დარასელიას, რომელსაც 20 დღე ვეხვეწებოდით გოგიტას დანატოვარი წერილის გაცნობას და საქმეში შეტანას, იცოდა მისი შინაარსი და იგნორირებას უწევდა. როცა ჩვენს დასაკითხად შინ მოვიდნენ, ის წინადადება, სადაც ჩემი შვილი მალხაზ პაჭკორიას ახსენებდა, მნიშვნელოვნად არ მიიჩნიეს და ჩვენებაში არ ჩაწერეს. 29 მაისს პოლიციას თავად მივაკითხე და კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნის დაკითხვის ოქმის გაცნობა მოვითხოვე. გიგა დარასელია დამთანხმდა და ოქმი წინ დამიდო, თვითონ კი ოთახიდან გავიდა... პაჭკორიას საცხოვრებელი მისამართის ჩანიშვნა დავიწყე, იქნებ მის მშობლებს შევხვდე და მოხუცებს თანაგრძნობა გაგვიწიონო... და დარასელიაც შემოვარდა ყვირილით, გადამიგრიხა ხელები და ქუსლები მირტყა. გამომძიებელმა ირაკლი ჭითანავამ კი გინება დამიწყო და კოლეგებს ურჩია, 15 სუტკა გაუფორმეთ და ჩაკვდეს იქო. ლევან ქირია საკუთარი თანამშრომლების გმირობას თვალს ადევნებდა...“

ცინარა აბულაძე პოლიციის ძალადობის მსხვერპლი 16 ივნისს, მიხეილ სააკაშვილის ანაკლიაში ვიზიტამდე ნახევარი საათით ადრე კიდევ ერთხელ გახდა. ზუგდიდის პოლიციის „გაღიზიანების“ მიზეზი ამჯერად საგანგებოდ გამზადებულ ხის ჩარჩოში ჩასმული საპროტესტო ტრანსფარანტი გახდა, რომელიც ანაკლიის ტრასის განაპირას იდგა და სადაც ეწერა, „ვეძებთ დაკარგულ შვილს! პოლიცია არ მუშაობს! სამეგრელოს „მთავრობა“ დამუნჯდა, დაყრუვდა, დაბრმავდა!“

ამ დროს აბულაძეებთან 5 ავტომანქანით „შორტებიანი და შლოპანსიანი“ ათამდე პოლიციელი მიდის, ტრანსფარანტს ნაკუწებად აქცევენ და მანქანის საბარგულში ყრიან, ხოლო ცინარა აბულაძეს, რომელიც ტრანსფარანტთან ახლოს იჯდა, სახლისკენ მიათრევენ. ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე ლექსო თოდუა კი ქალს ხელის მარჯვენა მტევანზე, რომელშიც პრეზიდენტისთვის გადასაცემი წერილი უჭირავს, ხის ჯოხს მანამდე ურტყამს, სანამ არ აგდებინებს...

„ჭრილობიდან სისხლი თქრიალით წამოვიდა, ლექსო თოდუაც სისხლში იყო ამოსვრილი... ოთახამდე მათრია და შიგ ჩამკეტა. ამ ფაქტის დაფიქსირებას ჩემი შვილიშვილი, გოგიტას ასული, ელენე ახერხებდა თურმე ციფრული კამერით. ლექსო თოდუას ეს შეუნიშნავს და გოგოს მივარდნია, ახლავე გამოიტანე კამერა თორემ აქვე გიხმარო... კადრები ამოუშლიათ და ისე დაგვიბრუნეს“, - ეს მიხეილ სააკაშვილის მისამართით გაგზავნილი წერილიდან კიდევ ერთი ამონარიდია.

ამ წერილში კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი იკითხება. აბულაძეები საქართველოს პრეზიდენტს მათ მიმართ გულისხმიერების გამოჩენას სთხოვენ და პოლიციის მისამართით აღნიშნავენ: „ნუ გვაშინებენ და გვცემენ მოხუცებს, ნუ მოგვიწყობენ პროვოკაციებს. ეჭვი გვეპარება, რომ საერთოდ აწყობთ გოგიტას დაბრუნება. როგორც კი სწორ გზას დავადგებით, ეგრევე გვერევიან თავიანთი წესებით. ზოგიერთს დაავალეს და გვირჩიეს ოპოზიციას დაუკავშირდითო. ალბათ, გულისფანცქალით ელოდებიან ოპზიციასთან კავშირში დადანაშაულებას. მაშინ ხომ საერთოდ ჩამოგვწერენ როგორც ადამიანებს. მიეცემათ საბაბი და მიზეზიც, რომ უფრო დაუნდობლად გვირტყან. ამით პასუხისმგებლობასაც მოიხსნიან და გვეტყვიან, წადით ახლა და მათ მოაძებნინეთო...“

ოპოზიციას არა, მაგრამ შს სამინისტროს გოგიტა აბულაძის ძებნა თურმე უკვე გამოუცხადებია. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ პირველად მხოლოდ გუშინ, 27 ივნისს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიდან გახდა ცნობილი. ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ვარაუდობს, რომ გოგიტა აბულაძე შესაძლოა აფხაზეთში სპეცსამსახურების მიერ იყოს დაკავებული. მისივე განცხადებით, აბულაძის გათავისუფლების მოთხოვნით აფხაზურ და რუსულ მხარეებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ მოჰყოლია. შს სამინისტროსთვის გოგიტა აბულაძის ადგილსამყოფელი ისევე უცნობია, როგორც მისი ოჯახისათვის.