საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტზე ვეტოს დადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება მოახერხა.
"სამწუხაროდ სახელმწიფოს პირველი პირი დღეს ყველაზე არასახელმწიფოებრივად აზროვნებს და მოქმედებს. ის ვეტოს დადებით, სინამდვილეში, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასაც ახდენს, რაც არის დაუშვებელი. ბატონმა მარგველაშვილმა დღეს გაუშვა ბოლო შანსი კონსტრუქციული და პოზუტიური როლი შეეტანა კონსტიტუციის რეფორმის პროცესში, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის, ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის შესაბამის სტანდარტებს და გარანტიებს ამკვიდრებს. ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული, რადგან ეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ქმედება ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების შეუქცევადი პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორი", - განაცხადა იონათამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის პროექტს დღეს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში გადააგზავნა.
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო.
ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.