ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა იმაზე პოზიტიური იქნება, ვიდრე მისი პირველადი შეფასება იყო

ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა იმაზე პოზიტიური იქნება, ვიდრე მისი პირველადი შეფასება იყო

ვენეციის კომისიის ყოფილი წევრის, ლევან ბოძაშვილის ინფორმაციით, საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა იმაზე უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე მისი პირველადი შეფასება იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბოძაშვილმა განუცხადა, კომისიის საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

„როგორც იცით, 22 სექტემბერს კომისიამ პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც წესი, ვენეციის კომისია ასეთი პრინციპით არ მოქმედებს და წინასწარ დასკვნებს არ აქვეყნებს, მაგრამ ეცადნენ პროცესისთვის ხელი შეეწყოთ. მასში არის პოზიტიური შეფასებები და ასევე რეკომენდაციები. პარასკევს იქნება საბოლოო დასკვნის კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე. ჩემი მოლოდინი პოზიტიურია. მაქვს მუდმივი კავშირი ვენეციის კომისიასთან საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით და რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს დასკვნა იქნება კიდევ უფრო პოზიტიური, ვიდრე წინასწარი დასკვნა იყო. ეს გამომდინარეობს იმ პოზიტიური ნაბიჯებისგან, რომელიც უმრავლესობის მხრიდან გადაიდგა - მათ გარკვეული ვალდებულებები აიღეს ვენეციის კომისიასთან და აპირებენ ამ ვალდებულებების შესრულებას.

იქნება გარკვეული შესწორებები დასკვნაში, რადგან პლენარულ სხდომას მთელი ევროპის უმაღლესი კვალიფიკაციის იურისტები ესწრებიან. მათ შეიძლება გამოთქვან გარკვეული მოსაზრებები, შესწორებები შეიძლება შევიდეს და ასეც იქნება, სავარაუდოდ. თუმცა, დასკვნა იმაზე პოზიტიური იქნება, ვიდრე ეს იყო ბოლო პერიოდში“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

მისივე თქმით, „დასკვნაში ის რეკომენდაციები, რაც იყო გამოთქმული, გარკვეულწილად შენარჩუნდება“.

„მაგრამ, დასკვნაში დადებითად იქნება ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ ავტონომიურად განახორციელა და ასევე, რა ვალდებულებებიც აიღო ვენეციის კომისიის წინაშე, რაც კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს. დაიძლევა ვეტო თუ არა, მოხდება ახალი ცვლილებების ინიცირება თუ არა, მაინც ვთვლი, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში, რაც ბლოკების ერთჯერადად დატოვებას, ბარიერის დაწევას უკავშირდება, დადებითი შეფასებები იქნება დაფიქსირებული.

რაც შეეხება შენიშვნებს, შენიშვნები შეიძლება გამოითქვას პრეზიდენტის არჩევის წესის ტექნიკურ საკითხთან, ვადების საკითხსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინებაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს პოზიტიურად შეფასებულ პროექტს“, – აღნიშნა ბოძაშვილმა.

რაც შეეხება უშიშროების საბჭოს გაუქმებას, როგორც მან განაცხადა, „ვენეციის კომისია ამ საკითხს არ შეეხო, რადგან ასე ჩათვალა საჭიროდ“.

„ჩემი იდეა იყო, რომ უშიშროების საბჭო ორდონიანი ყოფილიყო, მასში კრიზისების საკითხიც გაერთიანებულიყო და ის აღმასრულებელ ხელისუფლებას დაქვემდებარებოდა, როგორც ეს ევროპულ სახელმწიფოებშია მიღებული. ვინაიდან ეს საკითხი არ არის დაკავშირებული საარჩევნო საკითხთან, არ არის სხვა ბევრ პოლიტიკურ საკითხთან კავშირში და შიდა უსაფრთხოების სექტორის თემატიკაა, ამიტომ ვენეციის კომისია არ შეეხო ამ საკითხს არც მანამდე არსებულ დასკვნებში და არც შემდგომ დასკვნაში.

საბოლოოდ, ვენეციის კომისიის ჩართულობამ საკონსტიტუციო რეფორმის პროექტი კიდევ უფრო გააუმჯობესა, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ იყო. ვენეციის კომისია არ არის ორგანო, რომელიც მუდმივად კრიტიკაზეა ორიენტირებული. ის ცდილობს არსებული პროექტი რამდენადაც შესაძლებელია უკეთესი იყოს. ვენეციის კომისიაში ჩემი ოცწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს ყოველთვის ასე იყო“, – განაცხადა ბოძაშვილმა.

ვენეციის კომისიის სხდომა 5–6 ოქტომბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც მიიღებს. საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია 6 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.