ფარაონების ქვეყანა გზაგასაყარზეა

ფარაონების ქვეყანა გზაგასაყარზეა

როგორც უკვე ვწერდით, ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, რასაც ხელი პარლამენტის არალეგიტიმურად ცნობის შესახებ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუწყო. ამას წინ უსწრებდა მუბარაქის რეჟიმის მაღალჩინოსანთა პოლიტიკური იზოლაციისკენ მიმართული საკანონმდებლო ნორმების იგივე სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ამავდროულად კანონით სამხედრო პოლიციას სამოქალაქო პირთა დაკავების უფლება მიეცა. ყოველივე ამით „ლეგიტიმურად“ ისარგებლა ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ და ფაქტიურად თავის ხელში მოაქცია საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამრთლო ხელისუფლება.

სწორედ ამ დაძაბულობის ფონზე ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელშიც ერთმანეთს „ძმები მუსულმანების“ კანდიდატი მახამედ მურსი და სამხედროების ფავორიტი, მუბარაქის რეჟიმის ბოლო პრემიერი, გენერალი ახმედ შაფიკი დაუპირისპირდნენ.

საარჩევნო უბნები ჯერ კიდევ არ იყო დახურული, როცა ორივე კანდიდატის საარჩევნო შტაბებმა თავიანთი ფავორიტიების გამარჯვების შესახებ გააკეთეს განცხადებები.

შაფიკის შტაბმა მოუწოდა თავის მომხრეებს, არ დაიჯერონ მურსის მომხრეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა „მუსულმანთა“ გამარჯვების შესახებ.

„ნუ დაუჯერებთ ცრუ ინფორმაციას. ახლა დაღონების კი არა სიხარულის დროა, მაგრამ ეს სიხარული მშვიდობიანი და ცივილიზებური უნდა იყოს. ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი (შაფიკის გამარჯვება. For.ge) ოფიციალურად იქნება გამოცხადებული“ - განაცხადა შაფიკის შტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ქარიმ სალემმა. მისი თქმით, ყოფილ პრემიერს 13-მა მილიონმა ეგვიპტელმა დაუჭირა მხარი, რაც არჩევნებში მონაწილეთა 51.5%-ზე მეტია.

თავის მხრივ, მურსის მომხრეები აცხადებენ, რომ მათმა კანდიდატმა ეგვიპტის 17 პროვინციაში გაიმარჯვა და თავის კონკურენტს თითქმის მილიონი ხმით გაასწრო. ისლამისტებმა ბროშურების სახით საუბნო და რეგიონალური საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების 13 ათასზე მეტი ასლი გამოაქვეყნეს, რაც მათი განცხადებით მურსის გამარჯვებას ადასტურებს.

პრეზიდენტის არჩევნების უმაღლესი კომისია იძულებული იყო, სპეციალური განცხადება გაევრცელებინა, რომლითაც ორივე კანდიდატს მიმართა, „პირადი ინტერესები ეროვნულ ინტერესებზე მაღლა არ დააყენონ“ და ვითომდა დადასტურებული შედეგებზე აპელირებით არ იჩქარონ საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადება.

დაგეგმილი იყო, რომ 21 ივნისს კომისია პრეზიდენტის ვინაობას დაასახელებდა, თუმცა კომისიის გენერალური მდივნის, ჰატემ ბაგათუს განცხადებით „გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო საჩივრების განხილვა დამტებით დროს მოითხოვს, ქვეყნის მეთაურის არჩევნების ოფიცილაური შედეგები უახლოეს შაბათს ან კვირას გამოქვეყნდება“.

სავარაუდოდ ოფიციალური შედეგების გამოცხადების გაჭიანურება ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბს. მრავალი ექსპერტი შიშობს, რომ ეგვიპტე შეიძლება გრძელვადიან სამოქალაქო დაპირისპირებაში ჩაეფლოს. ამისთვის კი ყველა წინაპირობა არსებობს: დიდი რაოდენობით არალეგალური იარაღი, ურთიერთ დაპირისპირებული და პოლარიზებული საზოგადოება, მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, მოშლილი სახელმწიფო სტრუქტურები და კონსტიტუციურ-სამართლებრივი ვაკუუმი.

შეიძლება ითქვას რომ ფარაონების ქვეყნა დიდ გზაგასაყარზეა.