რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმის - "უშენოდ მგონი მოვკვდების" გადაღება წესით 2 წლის წინ უნდა დასრულებულიყო. მაგრამ, 2 წლის წინ, საქართველოში ომი, მთელს მსოფლიოში კი ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებდა და შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ ერთ კონკრეტულ ქართულ ფილმსაც შეეშლებოდა ხელი გადაღებების გაგრძელება–დასრულებაში.
საბოლოოდ, ორწლიანი დაგვიანების შემდეგ, ფილმი - "უშენოდ მგონი მოვკვდები" დღეს საპრემიერო ჩვენების სახით გამოჩნდება ქართულ დიდი ეკრანებზე და ჩვენება რამდენ ხანს გასტანს, ეს მაყურებელზე და მათ შეფასებებზე იქნება დამოკიდებული.
ფილმის ბიუჯეტი სულ რაღაც 1 მილიონი ლარია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფილმი უკიდურესად დაბალბიუჯეტიანია, თუმცა თუკი დასავლურ გამოცდილებას ვენდობით, დაბალბიუჯეტიანი ყოველთვის არ ნიშნავს დაბალხარისხიანს.
ფილმი კრიმინალური დრამის ხასიათს ატარებს და მისი სცენარი ცნობილმა ქართველმა მწერალმა – აკა მორჩილაძემ (გიო ახვლედიანი) დაწერა. ფილმის ქრონომეტრაჟი 102 წუთია.