1993 წლის 1 ნოემბერს, გამთენიისას, გენიალური იტალიელი რეჟოსორი – ფედერიკო ფელინი გარდაიცვალა.
ფელინი 1920 წლის 20 იანვარს იტალიის ქალაქ რიმინიში დაიბადა. რობერტო როსელინი ფელინიზე ამბობს: “პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე”.
ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღეს შინ არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგია გააჟღერა.
ფედერიკო ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად. ფელინი კინოში რობერტო როსელინიმ მოიყვანა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ფელინიმ დაიწყო, როგორც კარიკატურისტმა. ერთ-ერთი მორიგი შარჟის ხატვისას ის როსელინიმ შეამჩნია. კარიკატურა შეუქო და ახალგაზრდა მხატვარს სცენარისტობა შესთავაზა. ასე შედგა ფელინის დებიუტი ფილმში “რომი ღია ქალაქია” (1945 წ). დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფელინი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა როსელინი, იგი, შესაძლოა, ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი.
1954 წ. გამოდის ნეორეალიზმის ერთ-ერთი შედევრი “გზა”, ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის “ვერცხლის ლომის” მფლობელი. ფილმის პერსონაჟები – ღატაკი, მოხეტიალე ცირკის მსახიოებები არიან. ტრაგიკულია და ამავე დროს სასაცილო ფილმის მთავარი გმირი ძამპანო, რომელიც არაჩვეულებრივად განასახიერა ენტონი ქვინმა. რეჟისორმა შექმნა ტრაგიზმით სავსე ნაწარმოები, გვიჩვენა გმირების ცხოვრება სასტიკ და ცივ სამყაროში, გარდაუვალი დაღუპვა სილამაზისა, შეურაცმყოფელი და უპერსპექტივო ბრძოლა გადარჩენისთვის.
ცნობილია, რომ ჯულიეტა მაზინას არ იწვევდნენ ფილმში სათამაშოდ სხვა რეჟისორები. ფილმ “გზაში” მისი კანდიდატურა ჯელსომინას როლზე დაიწუნა პროდუსერებმა, ფელინიმ კონტრაქტი დახია და ასე მიაღწია მეუღლის გადაღებას თავის ფილმში.
ფელინის ”გზას” იტალიური კრიტიკა დოსტოევსკის ნაწარმოებებს ადარებდნენ, თავად ფელინის კი – თეოდორ დოსტოევსკის. თუმცა პრესამ ფილმი მაინც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. იბეჭდებოდა შეურაცხმყოფელი რეცენზიები, სათაურით – ”სახარება იდიოტისაგან” და ”თავადი მიშკინი”. ასეთი სათაურებით კრიტიკა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამდა ფელინისა და დოსტოევსკის ”ნათესაურ” კავშირს.
ფელინი დიდი ფანტასმაგორი იყო და რასაც ამბობდ,ა თავადვე სჯეროდა კიდეც. მაგალითად, ამტკიცებდა, რომ ერთი წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული, ყვებოდა სახლიდან გაპარვის ისტორიას და კოლეჯში მისი წარუმატებელი სწავლის შესახებ, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენდა. ფელინის მოგონებები აისახა ფილმში – “ამარკორდი“, რაც ერთერთ იტალიურ დიალექზე ნიშნავს: "მე ვიხსენებ".
1960 წელს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო კინოგესტივალზე, ფელინის ფილმმა "ტკბილი ცხოვრება" უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა.
"ოქროს პალმის ტოტის" მისაღებად სცენაზე გამოსულ რეჟისორს დარბაზში მყოფი მილიონერთა საზოგადოება ფეხის ბაკუნით, უშვერი სიტყვების ყვირილით, სტვენით შეხვდა. ფელინიმ ზურგი შეაქცია მათ, ჟიურის თავმჯდომარეს თავისთვის გამნკუთვნილი ჯილდო გამოართვა და სცენა აღრიალებული პარტერისგან კვლავ ზურგშექცევით გაიარა.
უსტვენდნენ რადგან მან ეკრანზე მდიდარ ბურჟუათა სულიერი სიმწარე აჩვენა. ძვირფას ბეწვეულსა და თვალმარგალიტებში გამოწყობილი მილიონერები ფეხებს აბაკუნებდნენ, რადგან მიხვდნენ თავიანთი შეძლებული ცხოვრების არარაობას.
მილანში ფილმის პრემიერის შემდეგ, საკმაოდ რესპექტაბელურმა ბურჯუებმა ფელინის სახეში შეაფურთხეს და ცემასაც კი უპირებდნენ. რომში ერთ-ერთმა წარჩინებულმა პირმა ფედერიკო დუელში გამოიწვია იმ მიზეზით, რომ ფელინიმ "ტალახში ამოსვარა იტალიის საუკეთესო საზოგადოება და აქედან გამომდინარე წაბილწა თავისი სამშობლოც". "ტკბილი ცხოვრების" ჩვენების დროს ფეენებელურმა ქალბატონებმა დემონსტრატიულად დატოვეს კინოდარბაზი და გაჰკიოდნე, რომ ფელინი "ბოლშევიკია".
"ჩემი მიზანი არ იყო იტალიაში სამოქალაქო ომის წამოწყება-იხუმრა ამ ყველაფრის შემდეგ რეჟისორმა-მაგრამ უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, რადგან ფილმი მიზანში მოვახვედრე".
"მე ალბათ ტომარაში ჩამტენიან და წყალში მისვრიან" უთხრა მან ერთხელ რეპორტიორს.