ოქტომბერში დაიბადა Rock'n'Roll

ოქტომბერში დაიბადა Rock'n'Roll

“ეს იცი რა იყო? გაგიჟებული ვარ დღემდე.... რა ერთიანობის განცდა იყო. მთელი დარბაზი ერთად ვმღეროდით... უოტერსი უდიდესი ადამიანია. საოცარია, მართლა გავიცანი სცენიდან, ასეთი უშუალო და ამავდროულად გენიალური არავინ მინახავს. დარწმუნებული ვარ, გადაცმული კაცი, რომელიც ჩემთან კონცერტამდე მოვიდა და მითხრა, რა მაგარი ქუდი გახურავს, ინგლისს მაგონებსო, უოტერსი იყო. ვიცანი მაგრამ ვერაფერი ვუთხარი... ერთადერთი გილმორი აკლდა comfortably numb-ის სოლოს... ჰო, კიდევ ხმა ისევ ძველებური აქვს უოტერსს, როგორიც აქამდე ჰქონდა...”

                                                

23 ოქტომბერი, 2010 წელი – აშშ OHIO

           

ეს არის ჩვენი 17 წლის აღფრთოვანებული თანამემამულის წერილი, რომელიც გახლავთ როჯერ უოტერსის The Wall-ის კოლამბასში ჩატარებული ამასწინანდელი ლაივის თვითმხილველი. პატარა შეტყობინება ალბათ უნდა ასახავდეს კიდეც 2010 წლის ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს როკ-მუსიკალურ მოვლენას, მით უფრო, რომ საუბარია როჯერ უოტერსის მიერ The Wall-ის ზოგადად უკანასკნელ წარმოდგენაზე. წლის ბოლომდე ლეგენდარული მუსიკოსი ამერიკის კონტინენტზე დაჰყოფს, სადაც საბოლოო ჯამში 50-ზე მეტ კონცერტს გამართავს, მომავალი წლის მარტიდან კი უკვე ძველ კონტინენტზე გადაინაცვლებს, სადაც სამთვიან ტურს The Wall-ის ჩვენებით დიუსელდორფში დაასრულებს. ნუთუ გერმანიის ამ ქალაქში უნდა დასრულდეს The Wall-ის საკონცერტო წარსული? ალბათ საეჭვოა და თითქოს ეს ამბავი უნდა გვაიმედებდეს, რომ The Wall-ს მომავალშიც ვიხილავთ, თუნდაც ჩვენთან, სამშობლოში...

 

ოცნება იქით იყოს და ალბათ უცნაურია, რომ როჯერ უოტერსმა, როგორც სოლო შემსრულებელმა, საკუთარი ნაწარმოები ამერიკელი მსმენელის წინაშე პირველად წარმოადგინა, სადაც 2010 წლამდე ერთხელ და უკანასკნელად საყოველთაოდ აღიარებული ნაწარმოების შესრულება შორეულ 1979 წელს მოხდა პინკ ფლოიდის სახელით. ჯგუფის დღევანდელი წევრების ჩამოთვლას ამჟამად არ შევუდგებით, ერთს კი გეტყვით, რომ ზემოთხსენებული comfortably numb-ის სოლოს ფლოიდური ოჯახის უკვე სტაჟიანი წარმომადგენელი - სნოუი უაიტი ასრულებდა და როგორც ჩანს მთლად კარგად არ გამოსვლია ეს ამბავი. დევიდ გილმორის შესრულებით კი ამ სოლოს მოსმენა ამერიკელმა მსმენელმა რამოდენიმე თვის წინ, Roger & David - ერთობლივი ტურნეს დროს შეძლო.

 

სიმბოლური დამთხვევაა, რომ ამ 41 წლის წინათ, დევიდ გილმორმა უმნიშვნელოვანესი გამოცდა ჩააბარა ფლოიდების რიგით მესამე ალბომ Ummagumma-თი. სწორედ ამ ნამუშევარმა გადაწყვიტა საბოლოოდ, რომ ჯგუფმა შეძლო სიდ ბარეტის შემცვლელის პოვნა... ყოველ შემთხვევაში Pink Floyd იმ უიშვიათეს როკ-ჯგუფთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ერთი როკ-ნ-როლიც კი არ შეუსრულებია. როკ-ნ-როლი კი ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან შორეულ 1926 წელში ადამიანი როკ-ნ-როლი - ჩაკ ბერი დაიბადა.

 

მსგავსი გავლენიანი მუსიკოსის პოვნა როკ-მუსიკის ისტორიაში ნამდვილად ძნელი საქმეა. დევიდ გილმორის გიტარაზე ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ჩაკ ბერის გარეშე რომ საყოველთაოდ აღიარებული როლინგ სთოუნზის გიტარული ხმოვანება ვერ შეიქმნებოდა. ეს – ფაქტია. ამას ჩაკ ბერის “ოფიციალური მიმდევარის” - კიტ რიჩარდსის გარდა, მისი კოლეგა ბილ უაიმენიც აღიარებს, რომელსაც ამა წლის ოქტომბერში 74 წელი შეუსრულდა. უაიმენმა ძალიან კარგად იგრძნო “როლინგებიდან” გასვლის დრო 1993 წელს და დღესდღეობით თავის ჭიას ახარებს, თორემ მაშინ რომ გაეჭიანურებინა, საბრალო ჩარლი უოტსის დღეში აღმოჩნდებოდა, რომელიც უკვე ამდენი წელიწადია, ჯგუფიდან მიდის!

 

ხუმრობა იქით იყოს და ოქტომბრის თვეში 1974 წლის ალბომ It's Only Rock'n'Roll I Like It-ის დაბადების დღეა. გარდა იმისა, რომ ალბომი სახელწოდებიდან გამომდინარე როკ-ნ-როლის უკვდავებაზე მიუთითებს. იგი კიდევ რამდენიმე მომენტითაა ღირსსახსოვარი. უპირველეს ყოვლისა იმით, რომ მიკ ტეილორის წასვლის შემდეგ, სწორედ ამ ალბომში შედგა რონ ვუდის დებიუტი ლეგენდარულ ჯგუფში. როლინგების შემადგენლობა კი თითქმის ოცი წლის განმავლობაში, ზემოთხსენებული ბილ უაიმენის წასვლამდე, დასტაბილურდა. წინამორბედ Gots Head Soup-ის მსგავსად, რომელიც დიდწილად Angie-ს ხარჯზე გაიქაჩა, Exile On Main Street-ის დიდებას ამ ალბომისგან არვინ ელოდა, თუმცა დრომ სხვანაირად განსაჯა და 21-ე საუკუნის კონცერტებზეც თვით It's Only Rock'n'Roll I Like It-ის გარდა, ჯგუფი ზოგჯერ სხვა სიმღერებსაც წარადგენს ხოლმე ამ ალბომიდან. როლინგები თითქოს გრძნობდნენ როკ-ნ-როლის კრიზისს, რომელიც თავს განსაკუთრებულად სულ რამოდენიმე წელიწადში იჩენდა თავს და სახელწოდება It's Only Rock'n'Roll I Like It ესტაფეტას რიჩი ბლეკმორის წინასწარმეტყველურ Long Live Rock'n'Roll-ს გადასცემდა...

 

შორეულ 60-ებში კი ასეთი რამ ვერავის წარმოედგინა, ყოველ შემთხვევაში, როდესაც 1966 წლის ოქტომბერში Jimi Hendrix Experience პირველი კონცერტით წარსდგა მაყურებლის წინაშე.

 

უკვე 2 წლის შემდეგ კი ლონდონის Marquee Club-ში Led Zeppelin-ის საკონცერტო დებიუტი შედგა. საერთოდ ოქტომბრის თვე ფრიად ნაყოფიერია ჰარდ-როკის ლეგენდისათვის. მესამე ალბომთან ერთად, მათ ერთი წლით ადრე ხომ მეორე ალბომიც ჩაწერეს, რომელიც ალბათ დისკოგრაფიაში ყველაზე თინეიჯერული და ეფექტურია. ახალგაზრდა ჯიმი პეიჯისთვის იმ პერიოდში ჰაულინ ვულფი ეტყობა ოდენ “ბებერ მეზურნედ” იქცა და საოცრად გადაკეთებულ Killing Floor-ში იგი თანაავტორადაც კი არ მოიხსენია. ფირფიტის მეორე გამოცემაში უბრალოდ სიმღერის სათაური The Lemon Song-ად გადაკეთდა.

 

უფრო რთულად იყო საქმე Whole Lotta Love-თან დაკავშირებით, რადგან მისი ავტორის - ბლიუზური სამყაროს ღირსშესანიშნავ ბას-გიტარისტ ვილი დიქსონის სახელი, უკვე დღევანდელ ოფიციალურ წყაროებში მაინც მოიხსენიება პეიჯის, პლანტის, ბონემისა და ჯონსის სახელებთან ერთად. ალბომი მთლიანობაში ითვალისწინებს თითოეული მუსიკოსის სოლო შესაძლებლობების განსაკუთრებულად  გამოვლინებისადმი სწრაფვას. ამიტომაც აქ გვხვდება სტუდიური დრამ-სოლო Moby Dick-ში, რომელიც ჯგუფის საკონცერტო შემოქმედების პირველი პერიოდის (Kashmir, Achilles Last Stand, In My Time Of Dying გამოჩენამდე) განუყრელ ნაწილად იქცა.

 

ჯონ პოლ ჯონსის სოლო-აკომპანემენტი The Lemon Song-ში ყველას კარგად გვახსოვს, ხოლო ჯიმი პეიჯი, თუკი ორ გამოკვეთილ ბლუზს არ გავიხსენებთ, ორი - ერთიმეორესთან თითქოს შეუსაბამო ნაწილის გაერთიანებით, Heartbreaker-ში ალბათ მისთვის უგრძეს სტუდიურ სოლოს ასრულებს. ამ სოლოს მეორე ნაწილისა და The Lemon Song-ის სოლოს დასკვნით, როგორც პირველ - შედარებით გრძელ და მეორე - მოკლე სოლოებს, კი ჯიმი ჰენდრიქსის Bold As Love-ისა და Come On-ის გარეშე, შესაძლოა კაცობრიობა ვერასოდეს გასცნობოდა. ალბომი ბოლოვდება ასევე პეიჯ-პლანტის მიერ გადაკეთებული ვილი დიქსონის Bring It On Home-ით. აქ უკვე რობერტ პლანტია შეზრდილი ინსტრუმენტთან, კონკრეტულად კი ჰარმონიკასთან და უფრო ადამიანი-მუსიკალური ინსტრუმენტის, ვიდრე ტრადიციული ბლუზური ვოკალისტის როლში გვევლინება. ამგვარი მღერა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და შემოქმედებით პიკს წინა სტატიაში ნახსენებ მესამე ალბომის Hats Off To Roy Harper-ში მიაღწევს. ზეპელინის მეორე ალბომი კი პირადი გამოცდილებით საუკეთესოა 12-17 წლების ასაკში, უფერულდება სიჭაბუკის პერიოდში და საშუალო ასაკიდან მოყოლებული მეორე პლანზე გადადის და ადგილს უთმობს Physical Graffity-ის, Houses Of The Holy-ის, Presenge-ს და სხვა დანომრილ ალბომებს. ეს ისე...

 

აი კალიფორნიული Creedence Clearwater Revival-ს კი ზემოთხსენებული Physical Graffity-ის სირთულის ალბომი არასოდეს ჩაუწერია. თითქოს მხოლოდ Bayou Country ეთამაშებოდა ამ მხრივ ვარსკვლავებს და ამიტომაცაა ცოტაოდენ მოსაწყენი - ზედმეტს უკრავენ. მაგრამ ესაა მთავარი? რომელი როკმენი იტყვის, რომ ჯონ ფოგერტიზე მაგარი კომპოზიტორები არსებობენ? ჩამოვთვალოთ სიმღერები მისი ავტორობით? ძალიან შორს წაგვიყვანს ჩამონათვალი. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მისი ოფიციალური ჰიტ-მანქანა 1972 წლისთვის ერთ ბინძურ მენეჯერთან დადებული ადრინდელი კონტრაქტის გამო, გაკოტრების პირას იმყოფებოდა და სულ მალე ამ მიზეზით დაიშალა კიდევაც.

 

საბედნიეროდ ჯონ ფოგერტი დღესაც ჯანზეა და არცთუ ურიგო სოლო ალბომებით დროდადრო გვახსენებს ხოლმე თავს, აი მისგან მიტოვებული ძმა - ტონი ფოგერტი კი 1989 წელს ჭლექით გარდაიცვალა მშობლიურ კალიფორნიაში. Creedence-ის დრამერი დაგ (Cosmo) კლიფორდი მას ბოლომდე უვლიდა... აქ კი სიტყვამ მოატანა და მაინც უნდა ვახსენოთ ალბომი Cosmo's Factory, რომელიც ზემოთხსენებულ It's Only Rock'n'Roll I Like It -თან ერთად, ოღონდ მასზე ოთხი წლით ადრე, ბილბორდის გამოკითხვის სათავეში მოექცა. ამ ალბომში 12-ვე სიმღერა ჰიტია, მათგან 7-ის ავტორი კი ჯონ ფოგერტი გახლავთ. იმედია ამ სტატიას როკ-მუსიკის დამწყები მსმენელიც კითხულობს და უბრალოდ ვურჩევდი მას ალბომ Cosmo's Factory -ის მხოლოდ ერთხელ მოსმენას. დანარჩენი თავისით გამოჩნდება...

 

1977 წლის 20 ოქტომბერი როკ-მუსიკის ისტორიაში გამორჩეულად  ტრაგიკული ბენდის - Lynyrd Skynyrd -ის უბედურებების საწყისი ეტაპია. ამ დღეს ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ ჯგუფის იდეური ლიდერი და მომღერალი რონი ვან ზანტი და გიტარისტი სტივენ გეინსი. 21-ე საუკუნეში ჯგუფმა ერთი საოცარი კონცერტი გამართა, ფართო ეკრანზე გააცოცხლა რა რონი ვან ზანტი მსმენელის წინაშე და ერთ-ერთი შედევრი - Free Bird წარმოადგინა სცენური ვოკალის მორგებით რონი ვან ზანტის 30 წლის წინანდელ ნამღერზე...

 

1971 წლის ოქტომბერში კი Allman Brothers Band-ის გიტარისტი - დიუან ალმანი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ზუსტად იმავე ხეს, უკვე ჯგუფის ბასისტი ბერი ოუკლი დაეტაკა თავისი მოტოთი. საერთოდ Allman Brothers Band -მა არსებობის 40 წლის მანძილზე ოთხი ბას-გიტარისტი დამარხა, გიტარისტები კი იმ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ, მადლობა ღმერთს ჯანზე არიან და არც ასაკს ეპუებიან და არც წონას. დღესდღეობით გიტარისტთა დუეტს უორენ ჰეინს-დერეკ ტრექსის ტანდემი შეადგენს, თუმცა დაარსებიდან 40 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ამერიკულ ტურში გრეგ ალმანმა დიკი ბეტსსაც უხმო, მაგრამ ძველმა ძმებმა და მტრებმა, როჯერ უოტერსისა და დევიდ გილმორის მსგავსად, წარსულის წყენები ერთმანეთს არ შეუნდვეს და როკ-მუსიკის უამრავი თაყვანისმცემელის სამწუხაროდ, სცენაზე ერთად აღარ გამოსულან... მეტიც, 66 წლის დიკი ბეტსმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ გადაწყვიტა მუსიკისაგან დაისვენოს და რომ ეს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო...

 

ახლა კი სასიხარულო ამბავი - YES! - ჯონ ანდერსონსაც 25 ოქტომბერს 66 წელი შეუსრულდა. მივულოცოთ მას დაბადების დღე და როგორც დიკი ბეტსს Allman Brothers Band-ში, მასაც ვუსურვოთ Yes-ში დაბრუნება! ანდერსონი ამჟამად რიკ უეიკმანს უბამს მხარს ბრიტანულ ტურნეში.

 

ჩვენს ოქტომბრის თემას კი კვლავ 66 წლის როჯერ უოტერსის  ამასწინანდელი სიტყვებით დავასრულებთ: “მე აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა, როგორიც ადრე ვიყავი. მე არ ვარ არც ბი ბი კინგი, არც მადი უოტერსი. ჩემი 66 წლის მეგობარი ერიკ კლაპტონი გიტარით სცენაზე მოკვდება. მე კი საერთოდ არ ვარ ისეთი ძლიერი ინსტრუმენტალისტი თუ მომღერალი როგორიც ერიკ კლაპტონია. მიუხედავად ამისა, კიდევ მაქვს რამ სათქმელი და კვლავ მინთია ცეცხლი გულში. ეს ნამდვილად ჩემი გედის სიმღერაა”...

 

ახლა კი ვიფიქროთ, გააგრძელებს, თუ არა უოტერსი მუსიკალურ  მოღვაწეობას 2011 წლის დიუსელდორფის კონცერტის შემდეგ.