კიშინიოვში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ენერგეტიკის სფეროში, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების თანამშრომლობას, 2015 წლის პარიზის კლიმატური ცვლილების ხელშეკრულების განხორციელებას და ახალგაზრდებში უმუშევრობის შესამცირებლად ეკონომიკური კრიზისის უარყოფითი გავლენის დაძლევის გზებს განიხილავენ.
სხდომაზე, რომან კაკულია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების თანათავმჯდომარედ, ხოლო ირინე ფრუიძე ვიცეთავმჯდომარედ აირჩიეს.
კომიტეტის სხდომაზე ანგარიში თემაზე: „ეკონომიკური კრიზისის გავლენის დაძლევა ახალგაზრდებში უმუშევრობის შესამცირებლად" განიხილება, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირინა ფრუიძის, თანაავტორობით მომზადდა.
ღონისძიებაში ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის წევრები მონაწილეობენ.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური ინტეგრაციისა და ენერგოუსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაში საქართველოს პარლამენტიდან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარის მოადგილე, ლევან კობერიძე მონაწილეობენ.
სხდომაში პარლამენტის წევრებთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება შეხვედრები მოლდოვის მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.