რეალურად ადგილი კი არ ჰქონდა მთავარ აუდიტორზე თავდასხმას, არამედ ეს იყო პროვოკაციის მცდელობა და შემდგომში პოლიტიკური მიზნებისთვის შეფუთული მოვლენა, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფარცხალაძის ინტერესების დამცველებმა დღეს ის მტკიცებულებები გაასაჯაროვეს, რომლითაც მათი განმარტებით, დასტურდება, რომ ფარცხალაძის მხრიდან თორდიაზე თავდასხმას ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, საუბარია ბამბის რიგში მდებარე კაფე-ბარ ”ელ ცენტროს” თანამშრომლების და თვითმხილველების გამოკითხვებზე. როგორც ადვოკატმა განმარტა, ისინი აგრძელებენ მტკიცებულებების შეგროვებას და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიმართავენ მთავარ პროკურატურას და მიაწვდიან მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტურ მტკიცებულებებს.
ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე სრულ მზადყოფნას გამოთქვამს გამოძიებასთან თანამშრომლობის და ნებისმიერ დროს მზად არის პასუხი გასცეს გამოძიების ნებისმიერი კითხვას.
”როდესაც საუბარია მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მხრიდან მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე, საინტერესოა, რატომ არ გამოიჩინა ბატონმა ლაშა თორდიამ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და რატომ არ მიმართა სამართალადმცველებს ინციდენტის დასრულებისთანავე. როგორც მისი მეუღლისგან საზოგადოება იღებს, 112-ში შეტყობინება შევიდა ინციდენტიდან რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც თორდიამ ინციდენტის შემდეგ ყოველგვარი რეაგირების გარეშე გარკვეული დრო კვლავ გაატარა კაფე-ბარში, შემდეგ წავიდა სახლში, საიდანაც ის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური მოტივებით გაკეთებული განცხადება, რაც არა თავდასხმაზე, არამედ მომხდარის პოლიტიზირებაზე მეტყველებს. ეს გარემოება ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ თორდიას მიზანი არა მასზე ვითომდა განხორციელებულ ე.წ. თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებაა, არამედ ამ ფაქტის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება”, - განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.