თეატრი და კინო განსაკუთრებული სამყაროა, სადაც მთავარი მოქმედი გმირები მსახიობები არიან. თითოეულ სპექტაკლს ან კინოფილმს საკუთარი “პირადი“ ცხოვრება გააჩნია, რომელიც გარედან არ ჩანს და მხოლოდ მსახიობებისათვის არის ცნობილი. ამ პროფესიის ადამიანები ერთ დიდ საქმეს ემსახურებიან. ისინი ხშირად ხუმრობენ და ერთმანეთს სხვადასხვა სიურპრიზებსაც უწყობენ. გამონაკლისს არც ქართველი მსახიობები წარმოადგენენ, რომლებიც არაორდინარულ სიტუაციებში არაერთხელ ჩავარდნილან.
დღევანდელ წერილში სწორედ რომ ზოგიერთ მათგანს გავიხსენებთ. რამდენიმე ათეული წლის წინ, თბილისში ერთი სომხური ფრაზა, “ანძრევ გალისა“ მოარული ანეკდოტივით დადიოდა. ცოტა ჩვენთაგანმა თუ იცის ამ გამოთქმის წარმოშობის ნამდვილი ისტორია. სპექტაკლში “მზის დაბნელება საქართველოში“, მთავარ როლებს ვასო გოძიაშვილი და ელენე ყიფშიძე ასრულებდნენ. ერთ ეპიზოდში ორივე ამბობდა – “წვიმა მოდისო“. ქალბატონმა ელენემ ერთხელ ხუმრობა განიზრახა, ავლაბარში წავიდა და იქაურ სომხებს ჰკითხა, “წვიმა მოდის“ თქვენს ენაზე როგორ ითქმისო. მათაც არ დაიზარეს და “ანძრევ გალისა“ ასწავლეს.
მორიგი სპექტაკლის მიმდინარეობისას, ვასო გოძიაშვილს რომ უთქვამს, “წვიმა მოდისო“, ელენეს ყველასათვის მოულოდნელად სომხურად დაუდასტურებია: “ჰო, ჰო, ანძრევ გალისაო“. მთელი თეატრი სიცილისაგან კიოდა. გოძიაშვილმა კი თავდაპირველად ხუმრობა ვერ აღითქვა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიფშიძეზე გაბუტული დადიოდა.
მრავალი მსახიობი სპექტაკლების პარალელურად სხვადასხვა კინოფილმებშიც მონაწილეობს. ზოგჯერ რეპეტიციებისა და გადაღებების ვადები ერთმანეთს ემთხვევა და აქტიორებსაც განსაკუთრებული “მოხერხებულობის“ გამოყენება უწევთ. უფრო “სერიოზულად“ ჰქონდათ საქმე კოტე მახარაძესა და ეროსი მანჯგალაძეს.
თეატრში მოღვაწეობასთან ერთად ისინი საფეხბურთო შეხვედრების რეპორტაჟებსაც უძღვებოდნენ და ხშირად მომხდარა, რომ თეატრალური სპექტაკლისა და “ტყავის ბურთის“ დაწყების დრო ერთმანეთს ემთხვეოდა. ალბათ უმჯობესი იქნება, თუ სიტყვა თავად ბატონ კოტე მახარაძეს მივცეთ.
“1958 წელს სპექტაკლი “ესპანელი მღვდელი“ დღის 12 საათზე დანიშნეს, 3 საათზე კი ფეხბურთი იწყებოდა. სპექტაკლი, სადაც მე და ეროსი მთავარ როლებს ვასრულებდით 3 საათსა და 45 წუთამდე გრძელდებოდა. არც მისი გადატანა გამოდიოდა. ეროსიმ მითხრა: “მოდი, გავრეკოთო“. მე შორს დავიჭირე, დიდი-დიდი ნახევარი საათი მოვიგოთ-მეთქი. ბოლოს როგორც იყო, შევთანხმდით. სპექტაკლი დროზე დავიწყეთ და ზუსტად სამის ნახევარზე დავამთავრეთ.
მერე სტადიონზე გავვარდით და მხოლოდ მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ ჩვენი მეგობარი, მსახიობი ვალერიან ელოშვილი სპექტაკლზე დაგვიანებისათვის სამსახურიდან მოეხსნათ. მას, რა თქმა უნდა არ დაუგვიანია. თეატრში თავის დროზე-სამ საათზე მოვიდა, რადგან მხოლოდ ფინალურ სცენაში მონაწილეობდა, მაგრამ სპექტაკლი “ჩვენი” წყალობით ამ დროს უკვე დამთავრებული იყო. მერე მთელი ორი კვირა ვუმტკიცებდით თეატრის დირექტორს, პავლე კანდელაკს ელოშვილის უდანაშაულობას და ბოლოს, იმანაც ჩვენს მოხსნას ელოშვილის აღდგენა ამჯობინა”.
ყველას გვაქვს ნანახი შესანიშნავი ქართული კომედია “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, მაგრამ ალბათ არ იცით, რომ ამ კინოფილმის ბედი სასწორზე იდო. როდესაც გადაღებები დასრულდა და სურათი თავდაპირველად საქართველოს იმდროინდელ პირველ პირს, ვასილ მჟავანაძეს უნდა ენახა, მეტად უხერხული სიტუაცია შეიქმნა. ვასილ პავლოვიჩმა სეანსის დასაწყისში ფილმის დასახელება იკითხა. პასუხად “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” მიიღო.
მოულოდნელობისაგან გაწითლდა და გაკვირვებისაგან ენა ჩაუვარდა. ბოლოს “დააწყნარეს” და სურათის ჩვენებაც დაიწყო. პირველი მდივანი სერიოზული გამომეტყველებით იჯდა და კომედია აშკარად არ მოსწონდა. მდგომარეობა ფილმში იპოლიტე ხვიჩიას გამოჩენამ გამოასწორა. როდესაც ეს უკანასკნელი ეკრანზე იხილა, მჟავანაძემ პირველად გადაიხარხარა, მას მთელი დარბაზიც აჰყვა. “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” გადარჩა და რამდენიმე დღეში საქართველოს კინოთეატრებშიც გადაინაცვლა.
გაგიკვირდებათ და ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი, სერ შონ კონერი ქართული დელიკატესის – ხაშის დიდი მოყვარულია. ეს სიყვარული მხატვრული ფილმი “წითელი კარავის” გადაღების დღეებში გაუჩნდა. მიხეილ კალატოზიშვილის ამ სურათში მონაწილეობას იღებდა ბატონი თენგიზ არჩვაძეც. მას კონერისთან ერთად პარტნიორობას კლაუდია კარდინალე, პიტერ ფინჩი და მასიმო ჯიროტიც უწევდნენ. ამათგან განსაკუთრებით მაინც ჯეიმს ბონდის როლის პირველ შემსრულებელს დაუახლოვდა.
სერ შონს საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე ურჩიეს, რომ კავკასია მოენახულებინა. თენგიზ არჩვაძემაც მოინდომა რომ ბრიტანელი საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოეყვანა, მაგრამ “შესაბამისმა სამსახურებმა” ამისი ნება არ მისცეს. სამაგიეროდ ,არჩვაძემ კოლეგას ქართული სუფრა და მისი ტრადიციები მაინც გააცნო. მოსკოვში მდებარე რესტორან “არაგვში” ხშირად ეპატიჟებოდა. კერძებიდან კონერის განსაკუთრებულად მაინც ხაში მოეწონა და მეგობრებიც ყოველ კვირა დილით “არაგვის” მუდმივი სტუმრები იყვნენ. ( ამ რესტორანში ხაშს რატომღაც მხოლოდ კვირა დილაობით აკეთებდნენ). ქეიფის ხარჯებს მუდმივად თენგიზ არჩვაძე იხდიდა. როდესაც შოტლანდიელმა ამაზე მიუთითა, შემდეგი პასუხი მიიღო: “თქვენ მილიონერი კი ბრძანდებით, მაგრამ მე ქართველი ვარო”.
რადგან სიტყვამ თენგიზ არჩვაძე მოიტანა, ეს უკანასკნელი ერთადერთია ქართველ მსახიობთა შორის, რომელსაც თეთრ დათვებთან ჰქონია შეხება. “წითელი კარავის” გადაღებები მოსკოვის გარდა, ფრანც იოსების მიწაზე, ჩრდილოეთ პოლუსთან მიმდინარეობდა. “თეთრი დათვები ძალიან ახლოს მოდიოდნენ ჩვენთან, პურს ვუყრიდით ხოლმე. ფრანც იოსების მიწაზე მურმანსკიდან ყინულმჭრელ “ობით” გავემგზავრეთ. ხუთი დღე ვიყავით ზღვაში” – იგონებდა ქართველი მსახიობი. მართლაც რომ საინტერესოა აქტიორის პროფესია, მისი დახმარებით ხომ არაერთი ეგზოტიკური ადგილის მონახულება და მრავალი საინტერესო პიროვნების გაცნობაც შეგიძლია.
ქართველ მსახიობებს მრავალი ათეული წლის განმავლობაში კომუნისტური წყობილების პირობებში ცხოვრება და მუშაობა უხდებოდათ. როგორც ყველა საბჭოთა მოქალაქეს, მათაც უწევდათ სხვადასხვა დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღება. ჩვენი მსახიობები ამ სავალდებულო დატვირთვას ერთგვარი იუმორით უდგებოდნენ და “პარადებზე” დრო მეტად ხალისიანად გაჰყავდათ.
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ვაჟა კვიტაიშვილმა ერთი “მხიარული წესი” შემოიღო. 30 გრამიანი შავი ყანწი ჰქონდა. ყოველ დღესასწაულზე, პირველი მაისი იყო თუ შვიდი ნოემბერი, ჩაიდებდა ჯიბეში ამ ყანწს, ნახევარ ლიტრიან არაყს, მეუღლის გამომცხვარ ხაჭაპურს და ასე გამოდიოდა დემონსტრაციაზე. ეს წამოწყება კოლეგებს ისე მოეწონათ, რომ ისინიც ასე “შეიარაღებულები” მოდიოდნენ. მხოლოდ იპოლიტე ხვიჩია არ სვამდა, მაგრამ განსაკუთრებულად მხიარულად იქცეოდა.
საბჭოთა სინამდვილე მაინც სასტიკი იყო და ზოგჯერ უსიამოვნო სიურპრიზებსაც აწყობდა. ერთხელ მარჯანიშვილის თეატრში ლავრენტი ბერია მისულა. მთელი დასი იყო შეკრებილი. ბერია იმუქრებოდა, თუ ისე არ მოიქცევით როგორც გეტყვით, დაგხურავთო. მხოლოდ მსახიობმა აკაკი კვანტალიანმა გაბედა და შეეკამათა. ბერია თურმე ამდგარა და თითი დაუქნევია – მაგ ენას გადაგაყლაპებო. აკაკი კვანტალიანი ცუდად გამხდარა. განცდილი შიშის გამო მეტყველებაც კი შეცვლია.
ერთხელ, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ბატონი გოგი ქავთარაძე. რეჟისორის თანაშემწედ ახალი დანიშნული იყო და თეატრში მორიგი სპექტაკლი მიმდინარეობდა. უცებ ქავთარაძემ აღმოაჩინა, რომ ერთი ოთახიდან დარბაზში ხმამაღალი სიცილი შემოდიოდა. გამოაღო კარები და ოთახში მყოფებს მკაცრი ხმით გაჩუმება მოსთხოვა. უკან გამობრუნებული კი მიხვდა, რომ შენიშვნა თავად ვერიკო ანჯაფარიძეს, ვასო გოძიაშვილს, სესილია თაყაიშვილსა და ალექსანდრე ჟორჟოლიანს მისცა. ძალიან კი შერცხვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ცნობილი მსახიობების სასახელოდ, მათ ახალბედა რეჟისორს არაფერი აგრძნობინეს, პირზე ხელი აიფარეს და ჩუმად ჩაიცინეს.
მართლაც რომ დიდებული მსახიობები გვყავდა. ისინი არამარტო საკუთარი პროფესიის უბადლო ოსტატები იყვნენ, არამედ პიროვნული თვისებებითაც გამოირჩეოდნენ. დღევანდელ წერილს კი თენგიზ არჩვაძის სიტყვებით დავასრულებ: “დიდი პიროვნებები იყვნენ, მაგრამ ამას არ გაგრძნობინებდნენ. უბრალოდ ზღვარი თავად უნდა დაგეცვა, არ უნდა გათამამებულიყავი”.