პოლიტიკური ისტერიკა და ეროვნული გამოცდები (VIDEO)

პოლიტიკური ისტერიკა და ეროვნული გამოცდები (VIDEO)

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ქ-ნ მაია მიმინოშვილის, გათავისუფლება თანამდებობიდან კარსმომდგარი ეროვნული გამოცდების წინ და მის ნაცვლად პარტაქტივისტის, ვინმე სეფერთელაძის, დანიშვნა პირდაპირი დადასატურებაა იმ მარაზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების სრული კოლაფსისა, რომელიც სახელისუფლებო წრეებშია გამეფებული.  

მაია მიმინოშვილმა წლების განმავლობაში დაამტკიცა თავისი მაღალი კომპეტენცია, პროფესიონალიზმი და პრინციპულობა. სხვა რა უნდა მოეთხოვებოდეს სახელმწიფო მოხელეს დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაში? ცხადია, არაფერი, მაგრამ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პირობებში საჯარო მოსამსახურეს ევალება უსიტყვო მორჩილება, უფრო მეტიც, მათი ოჯახის წევრებსაც ეკრძალებათ თავისუფალი აზროვნება და თავისუფალი ნების გამოხატვა. ეს დასჯადი ქმედება იყო საბჭოთა სინამდვილეში და ასევე დასჯადია სააკაშვილის ნეობოლშევიკური რეჟიმის პირობებშიც.

განა ვინმესთვის გასაკვირი იქნება, თუ გაირკვევა, რომ მიმინოშვილის გათავისუფლება უკავშირდება მისი შვილის მონაწილეობას „ქართული ოცნების“ აქციაში, ან მისი ძმის მიერ გაცხადებულ პოლიტიკურ სიმპათიას.

ნათელია, რომ, თუკი ამას ვიწროპარტიული საჭიროება მოითხოვს, ბოლშევიკური კლიშეებით მოაზროვნე და სუკის მეთოდებით მოქმედი ხელისუფლება მზადაა თვით ის იშვიათი სეგმენტებიც კი დაანგროს, სადაც პროგრესი აშკარაა. თუმცა, როგორც ჩანს, ისტერიით მოცული სააკაშვილი საკუთარი პარტიის ინტერესებსაც არად აგდებს, რადგან ძალიან საეჭვოა ასეთი უსამართლო, უჭკუო და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება წაადგეს საარჩევნო მარათონში ჩართული ნაცმოძრაობის რეიტინგს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საზოგადოებას პრინციპულობისა და ადამიანური ღირსების მაგალითი უჩვენეს, როდესაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ მაია მიმინოშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვეს სამსახური. სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიან ქვეყანაში მორალურ უმრავლესობას. ღრმად გვწამს, რომ საქართველოში გამეფებული ამორალობის, კონფორმიზმისა და ძალმომრეობის ატმოსფეროს მხოლოდ მორალური ძალა დაამარცხებს.