"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემაში "არგუმენტები თეა სიჭინავასთან ერთად სტუმრობდა.
მისი თქმით, როცა საშემოდგომო არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და პარლამენტში მივა, რამდენიმე დღეში აღადგენენ "იმ უკანონობას, რასაც მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ჰქვია".
ივანიშვილმა ახლად მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ ერთადერთ პრივილეგიას აძლევს მას – იყოს საარჩევნო სიაში, რაც უბრალო მოქალაქეებისთვის არაფერს ცვლის.
.გარდა ამისა, ივანიშვილის მტკიცებით, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება თვითმიზანი არაა, "მაგრამ თუ ხელისუფლება კანონთან ასეთ დამოკიდებულებას გააგრძელებს, შესაძლოა არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას მართლაც მიაღწიოს".
"ჩვენ ასეთი უკანონობის მდგომარეობაშიც შეგვიძლია მოვახერხოთ და მოვიგოთ არჩევნები. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ გვსურს ვისარგებლოთ იმით, რაც ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოებრიობას აკარგვინებს", - აღნიშნა "ქართული ოცნების" ლიდერმა.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ 26 მაისს ის სამების საპატრიარქო ტაძარში, , აუცილებლად მიაგებს პატივს იმ ადამიანების ხსოვნას, "ვინც ხელისუფლების დაუნდობელი დამოკიდებულობით" დაიღუპნენ.