კახა კალაძე სამშობლოში დაბრუნდა

კახა კალაძე სამშობლოში დაბრუნდა

 

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, „ქართული ოცნების“ წევრი კახა კალაძე დღეს საქართველოში დაბრუნდა. აეროპორტში მას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდები, მასმედიის წარმომადგენლები და მისივე გულშემატკივრები დახვდნენ.

"ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, თავისუფალ და, რაც მთავარია, სამართლიან საქართველოში", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე თქმით, ის კვლავაც გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აქამდე სპორტისა და ქვეყნისთვის აკეთებდა, თუმცა უკვე, როგორც არასპორტსმენი. 

რაც შეეხება გამოსამშვიდობებელ მატჩს, რომელსაც კალაძის გულშემატკივრები ითხოვენ, ამ ეტაპზე ყოფილ კაპიტანს ეს შეუძლებლად ეჩვენება. "მესმის, რომ სურვილი დიდია, რომ ყველას უნდა იხილოს მსოფლიოს ვარსკვლავები, მაგრამ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ეს ცოტა გართულდება. ვნახოთ, მომავალში რისი შესაძლებლობა მოგვეცემა,“- განაცხადა კალაძემ.
ცნობილი ფეხბურთელი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აეროპორტიდან საპატიო ესკორტის თანხლებით გააცილეს.