გელა ბაბლუანის ფილმი ცამეტი პირველად 2005 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ფილმმა ადვილად მოიპოვა კინომოყვარულთა სიმპატია და მრავალი კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ფილმის მთავარი ხიბლი: ორიგინალური სიუჟეტი, მცირე ბიუჯეტი და კარგი სამსახიობო დასი გახლდათ. ასევე რეჟისორულმა ნამუშევარმაც კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.
დამწყები რეჟისორის მიერ საფრანგეთში გადაღებული ფილმით, ჰოლივუდელი პროდუსერები დაინტერესდნენ და ფილმის ჰოლივუდური რიმეიქის გადაღება გადაწყდა . ფილმის რეჟისორი კვლავ გელა ბაბლუანი გახლავთ. ფილმის პროდიუსერი აარონ კაუფმანი გახლავთ. ფილმში შემდეგი სამსახიობო ჯგუფი მონაწილეობს: მიკი რურკი, მაიკლ შენონი, 50 ცენტი, ბენ გაზარა, რეი ვინსტონი, ჯეისონ სტეტჰემი.
რიმეიქებული 13 ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ორიგინალისგან მისი ფერადოვნებაა. ფილმის სიუჟეტი მცირედი ცვლილებების მიუხედავად, თითქმის სრულად გასდევს ორიგინალს. ფილმის მსვლელობისას არ გრჩება შთაბეჭდილება, რომ სხვა ფილმს უყურებ, თუმცა არც იმას ფიქრობ,რომ ეს ფილმი უკვე ნანახი გაქვს. ფილმი საკმაოდ დინამიურია, მუდმივად დაძაბული და დამუხტული ხარ, შოკისმომგვრელი სიუჟეტით, რომელიც ფილმის ერთ ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა.
სიუჟეტი კი დაახლოებით ასე გამოიყურება: ფილმის მთავარი გმირი, ვინსი აღმოაჩენს სწრაფი გამდიდრების საშუალებას. თუმცა ის ვერც წარმოიდგენს, თუ რა სახის სასიკვდილო თამაშში ერთვება. თამაშში, სახელად რუსულ რულეტკა, სადაც ფსონები ადამიანთა სიცოცხლეზე იდება, შენ კი ორი ალტერნატივა გაგაჩნია, გამარჯვება და დიდი ფული, ან უბრალოდ სიკვდილი რიგითი 13 ნომრით.