დღეს, ქობულეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრას ირაკლი ალასანია, მანანა კობახიძე და გია ვოლსკი ესწრებოდნენ.
კოალიციის ლიდერებმა მათ “ქართული ოცნების” ჯანდაცვის, განათლების, დასაქმებისა და სოფლის მეურნეობის პროგრამები გააცნეს. ირაკლი ალასანია ქობულეთელებს, რომელთაც ვალების გადაუხდელობის გამო სახლების ჩამორთმევა ემუქრებათ დახმარებას დაჰპირდა.
„276 ოჯახია უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის ქვეშ. მე შემიძლია გითხრათ და დაგპირდეთ თვითოეულ თქვენთაგანს, რომ სახელმწიფო იზრუნებს საკუთარ მოქალაქეებზე, განსაკუთრებით კი იმ მოქალაქეებზე, რომლებიც კრიზისის პერიოდში აღმოჩნდნენ დიდი ფინანსური დარტყმის ქვეშ. არსებობს ბანკებთან ურთიერთობის უამრავი საშუალება, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას და მე გაძლევთ პირობას, რომ ეს ხალხი მარტო არ დარჩება ამ პრობლემის წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ქობულეთში მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა, მანანა კობახიძემაც მიმართა და ბატონ ბიძინას გვერდით დადგომისკენ მოუწოდა მათ, ვისაც ქვეყნის აშენებაში თავისი წვლილის შეტანა უნდათ და შეუძლიათ.
„ხანდახან ვამბობთ რომ უფსკრულის პირას ვართ. არა ბატონებო, სამწუხაროდ ჩვენ უკვე ვართ ამ უფსკრულში და იქედან ამოყვანაა საჭირო. ჩვენ შემოგთავაზებთ იმ პროგრამას, რომელიც ქვეყანას რეალურად გამოიყვანს კრიზისიდან და კატასტროფიდან“, - განაცხადა კობახიძემ.