საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, 30 ოქტომბერს, წლევანდელ თეატრალურ სეზონში პირველად შესრულდება, ჯუზეპე ვერდის უკვდავი ოპერა – “ბალ–მასკარადი“.
ოპერა სამ მოქმედებად და ორი შესვენებით იქნება. ლიბრეტოს ავტორია - ანტონიო სომა (ევგენ სკრიბის დრამის “გუსტავ III შვედის” მიხედვით). მსოფლიო პრემიერა გაიმართა 1859 წლის 17 თებერვალს რომში. თბილისში პირველად დაიდგა 1862 წლის 8 თებერვალს.
ოპერა "ბალ-მასკარადისთვის" ლიბრეტოს შექმნისას ვერდი 1857 წელს დაინტერესდა ფრანგი დრამატურგის ევგენი სკრიბის პიესით "გუსტავ III შვედი, რომელსაც საფუძვლად დაედო 1792 წელს ერთ-ერთი კარნავალის მსვლელობის დროს შვედეთის მეფის გუსტავ III-ის მკვლელობის ამბავი.
ლიბრეტო შეადგინა ანტონიო სომამ. ოპერა ნეაპოლის თეატრ შან ჩარლო-ს სცენაზე უნდა დადგმულიყო. მაგრამ რაკი ლიბრეტოს ფაბულას მეფის წინააღმდეგ შეთქმულების და მისი მკვლელობის ისტორია შეადგენდა, ცენზურამ ოპერის სცენური განხორციელება შეაფერხა. მდგომარეობა დაამძიმა პარიზში ჩასული იტალიელი ემიგრანტის ფელიჩე ორსინის მიერ 1858 წლის 14 იანვარს ნაპოლეონ III-ზე განხორციელებულმა თავდასხმამაც.
ცენზურას სერიოზულად აფიქრებდა ის გარემოება, რომ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები ოპერის სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ამის გამო, ცენზურამ ლიბრეტოს შეცვლა მოითხოვა. მოქმედება მე-18 საუკუნის შვედეთის ნაცვლად უნდა გადატანილიყო შუა საუკუნეების ფლორენციაში. მთავარი გმირიც მეფე კი არა, გავლენიანი დიდგვაროვანი უნდა ყოფილიყო. კომპოზიტორისთვის ასეთი ცვლილებები მიუღებელი აღმოჩნდა.
თეატრის დირექცია ცენზურის ზეწოლით კატეგორიულად ითხოვდა ლიბრეტოს გადაკეთებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - დანაკარგის ანაზღაურებას. ვერდის და თეატრის დირექციას შორის წარმოქმნილი კონფლიქტი სასამართლომდე მივიდა. ვერდის დაპატიმრებით დაემუქრნენ. კომპოზიტორის პრინციპულობამ ნეაპოლელები იმდენად მოხიბლა, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და შეძახილებით ხვდებოდნენ კომპოზიტორს. Viva verdi - სკანდირებდნენ ნეაპოლელები.
სწორედ ამ დროს განახლდა იტალიის გაერთიანებისთვის ბრძოლა პიემონტის აშკარა ჰეგემონობით. ვერდის სახელი შეიცავდა პიემონტის მეფის - ვიქტორ ემანუელის ინიციალებს და ფაქტობრივად იმ ლოზუნგის ფუნქციას ასრულებდა, რომელიც იტალიის გაერთიანებისკენ მოწოდებას ნიშნავდა; კერძოდ - გაუმარჯოს იტალიის მეფეს, ვიქტორ ემანუელს. იმისთვის რომ მთავრობას სან კარლოში მოსალოდნელი არეულობა აეცილებინა თავიდან, იგი დათმობაზე წავიდა.
მთავრობამ კომპოზიტორს ნეაპოლიდან გასვლის უფლებაც კი მისცა იმ პირობით, თუ მომდევნო საოპერო სეზონში ვერდი სან კარლოში "სიმონ ბოკანეგრას" დასადგმელად დაბრუნდებოდა. ერთი წლის შემდეგ რომში "ბალ-მასკარადის" დადგმაც მოხერხდა.
ამჯერად ლიბრეტოში ცვლილებები მაინც შევიდა. ცენზურის მოთხოვნით ოპერის მოქმედების ადგილი ევროპიდან ბრიტანეთის ბატონობის პერიოდის ჩრდილოეთ ამერიკაში იქნა გადატანილი, ხოლო გუსტავ III-ის ფიგურა ბოსტონის ინგლისელი გუბერნატორით - გრაფი რიჩარდ ვარვიკით შეიცვალა.
ოპერის პრემიერას 1859 წლის 17 თებერვალს რომის თეატრში უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. 1861 წელს ვერდიმ ოპერა პარიზისთვის გადაამუშავა, რომელიც ჯერ კიდევ ხუთმოქმედებიანი იყო, ორი რედაქციის შემდეგ კი, საბოლოოდ ოთხმოქმედებიან ოპერად გადაკეთდა.