როდესაც მონიკა ბელუჩი ეკრანზე რომელიმე სექსუალურ გმირს ასახიერებს, იმ ფილმს წარმატება გარანტირებული აქვს. ჰოლივუდში მონიკამ ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც ევროპულ კინოში. ჰოლივუდში არც ისე ხშირად ხდება, რომ ევროპელი მსახიობი დიდ წარმატებას აღწევს. მაგრამ მონიკა ბელუჩი გამონაკლისია.
მონიკამ თავისი კარიერა მოდელობით დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ გადაერთო კინოზე. მონიკას უამრავი ეროტიკული სურათი აქვს გადაღებული და არაერთხელ მოხვედრილა ყველაზე პოპულარული ჟურნალების გარეკანზე. თავიდან მონიკას არ უყურებდნენ, როგორც სერიოზულ მსახიობს, მაგრამ მან თანდათან მოახერხა ყველას დარწმუნება იმაში, რომ შეეძლო თამაში და მისი წარმატებები მხოლოდ გარეგნობით არ იყო განპირობებული.
მონიკას ფილმებიდან ყველაზე მეტად "მალენა" გამოირჩევა, რომელშიც მონიკა ძალიან სექსუალურ ქალს თამაშობს. ამ ფილმში უამრავი ეროტიკული სცენაა, რომლებიც არცერთ მამაკაცს არ დატოვებს გულგრილს.
მონიკას ქმარი ძალიან ცნობილი ფრანგი მსახიობი ვინსენტ კასელია. წყვილი ხშირად ცალ–ცალკე ცხოვრობს, რათა ერთმანეთს თავი არ მოაბეზრონ. მონიკას აზრით, განშორებები აუცილებელია იდეალური ურთიერთობებისთვის. გთავაზობთ ინტერვიუს მონიკა ბელუჩისთან.
– როგორ მოგეწონათ კლაივ ოუენთან ერთად მუშაობა?
– კლაივი ჰოლივუდში ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად ითვლება და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. კლაივი ნამდვილი რაინდია და იცის, როგორ მოიქცეს ქალებთან. ჩვენ ფილმში რამდენიმე ეროტიკული სცენა უნდა გვეთამაშა და კლაივმა ძალიან კარგად გაართვა თავი ამ ყველაფერს. არადა, ეროტიკული სცენების თამაში ძალიან რთულია მამაკაცებისთვისაც.
– ეროტიკული სცენები თქვენთვის ადვილია?
– მოდით, ასე ვთქვათ, ისეთი რთული არ არის, როგორიც ბევრს ჰგონია. ყველაფერს ეჩვევი, მათ შორის იმასაც, რომ უამრავი ადამიანი უყურებს შენს შიშველ სხეულს. თანდათან ეს სიამოვნებსაც განიჭებს. როდესაც ხვდები, რომ შენი ლამაზი სხეულის ყურება ბევრ ადამიანს სიამოვნებს, თავისთავად სიამაყის შეგრძნება გეუფლება. თან ჰოლივუდში და საერთოდ კინოში ძირითადად ყოველთვის მომხიბვლელი მამაკაცები არიან.
– მამაკაცებში ყველაზე მეტად რა გხიბლავთ?
– ვერ ვიტყვი, რომ მამაკაცებში რაიმე ერთი კონკრეტული თვისება მხიბლავს. მამაკაცი ზოგადად უნდა მომეწონოს, თუმცა მათ მიმართ ძალიან პრეტენზიული ნამდვილად არ ვარ. მამაკაცები, რომლებიც მამაკაცურები არიან, ყოველთვის იმსახურებენ ჩემს მოწონებას და პატივისცემას. ასევე მომწონს, როდესაც მამაკაცს არ ეშლება, როგორ უნდა მოიქცეს ქალთან. ჯენტლმენობა მამაკაცის ერთ–ერთი საუკეთესო თვისებაა და ეს ყველა ქალს მოსწონს.
– თქვენს ქმარს აქვს ეს თვისებები?
– ჩემს ქმარს აქვს ბევრი ეს თვისება, ამიტომაც მან შეძლო ჩემი გულის მოგება. ვინსენტი ერთი შეხედვით ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ვინსენტი ძლიერი ადამიანია და მისი სიძლიერე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ასეთი ადამიანი დგას შენ გვერდით, შენც უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ხდები. ჩვენ შორის იშვიათია კამათი, რადგან ერთმანეთის კარგად გვესმის. თუმცა იდეალური წყვილები არ არსებობენ.
– ერთ–ერთ ფილმში თქვენს გმირს საკმაოდ დიდი ხანი აუპატიურებენ. არ გიჭირთ ასეთ სცენებში მონაწილეობის მიღება?
– როგორც გითხარით, ამას უკვე მივეჩვიე, თუმცა არის სცენები, რომლებში მონაწილეობის მიღება შედარებით უფრო მიჭირს, ვიდრე სხვა სცენებში. თქვენს ნახსენებ ფილმში ეს სცენა აუცილებელი იყო, ფილმის სკანდალურობისგან გამომდინარე. რეჟისორს აზრად ჰქონდა სკანდალური ფილმი შეექმნა, რაც კარგად გამოუვიდა. ამ ფილმში ჩემთან ერთად ვინსენტიც თამაშობდა. ჩვენ ამ ფილმში საყვარლები ვიყავით. ამ ფაქტორმაც ცოტა გამიადვილა სამუშაო.
– თქვენს ფილმებს უყურებთ ხოლმე?
– ჩემს ფილმებს საკმაოდ ხშირად ვუყურებ, მიუხედავად იმისა, რომ მათში ბევრი რამ არ მომწონს და ზოგადად ძალიან თვითკრიტიკული ვარ. როდესაც ეკრანზე საკუთარ თავს ვხედავ, ჩემთვის ეს სასიამოვნოა. არც იმის კომპლექსი მაქვს, რომ საკუთარი თავი არ მომეწონება, ამიტომ ჩემს ფილმებს ხშირად ვუყურებ. ზოგი მსახიობი საკუთარ ფილმებს იმიტომ არ უყურებს, რომ უბრალოდ ეშინია. როდესაც შენს თავში თავდაჯერებული ხარ, მსგავსი რამ არ გაწუხებს.
– ჰოლივუდში მუშაობა გსიამოვნებთ?
– ჰოლივუდში ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ მუშაობა გსიამოვნებდეს, ამიტომ მომავალშიც დიდი სიამოვნებით ვიმუშავებ ჰოლივუდში.