ნაპოვნია ესპანელი მხატვრის, ფრანსისკო გოიას სამი ნახატი, რომელიც 130 წლის წინ დაიკარგა. შედევრები ამჟამად იულის კრისტის სავაჭრო სახლშია გამოფენილი და მათი ღირებულება 2 მლნ ფუნტი სტერლინგია.
აღმოჩენილ ნამუშევრებს მხატვრის ცნობილი ნახატების სერიასთან, ან რომელიმე სურათთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ერთ-ერთ მათგანზე ჰაერში მოფარფატე ქალებია დახატული, მეორეზე - მლოცველი ადამიანი, რომლის მიმიკები მუკის ტილოს, “კივილის” სახეს მოგაგონებთ, მესამეზე კი, მკვდარ ცხენთან მყოფი ადამიანია გამოსახული.
ეს ნახატები მხატვრის ერთ-ერთი ალბომის ნაწილია, რომელიც პარიზში 1877 წელს გაიყიდა. 105 ესკიზი მაშინ 6-დან 140 ფრანკამდე შეფასდა, რაც XIX საუკუნისთვისაც და გოიასთვის ძალიან დაბალი ფასია. პარიზში ნახატების გაყიდვის შემდეგ რამდენიმე მათგანი უიმედოდ გაუჩინარდა, რომლებიც შემდეგ შვეიცარიაში, კერძო კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა. როგორც მფლობელი აცხადებდა, მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, საიდან მოხვდა ნახატები მის ოჯახში.
შვეიცარიაში აღმოჩენილი ნახატები სიბნელეში, ჩარჩოს გარეშე ინახებოდა.