მარტინ შულცი არ გამორიცხავს, რომ ოქტომბრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმი არ ამოქმედდება

მარტინ შულცი არ გამორიცხავს, რომ ოქტომბრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმი არ ამოქმედდება

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან თურქეთთან უვიზო რეჟიმი არ ამოქმედდება. ამის შესახებ შულცმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელი ელოდება, რომ ვიზალიბერალიზაციის დაწესებამდე ანკარა წარმატებით გაატარებს რეფორმებს პირად მონაცემთა დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. 
„თურქეთის პარლამენტში დისკუსიები შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუ ეს არ მოხდა, ევროპული ინსტიტუტები დაწესებული ვადების ამოქმედებას ვეღარ შეძლებენ. ვერ წარმომიდგენია, ასეთ შემთხვევაში როგორ შევძლებთ ოქტომბერში უვიზო რეჟიმის დაწესებას“, - განაცხადა შულცმა. 
ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, ანკარამ, უვიზო რეჟიმის მისაღებად ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეცვალოს.