ჯორჯ ბუშ უმცროსის ძმამ, ჯებ ბუშმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
ამერიკული მედიის ცნობით, ფლორიდის ყოფილმა გუბერნატორმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მან პირველი შეხვედრა თავის მშობლიურ ქალაქ მაიამიში გამართა და მოსახლეობას ინგლისურ და ესპანურ ენებზე მიმართა.
"ნებისმიერ ენაზე ჩემი მესიჯი იქნება ოპტიმისტური, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია ამერიკა გავხადოთ საუკეთესო ადგილი მსოფლიოში ცხოვრებისთვის",- განაცხადა ჯებ ბუშმა.
ჯებ ბუში რესპუბლიკური პარტიის წევრია. მომავალი წლის არჩევნებში ყოფილი სახელმწიფო მდივანი, დემოკრატი ჰილარი კლინტონიც მიიღებს მონაწილეობას. ამიტომაც ექსპერტების მოსაზრებით, დიდი შანსია, რომ 2016 წლის არჩევნები კლინტონი-ბუშის კიდევ ერთი დაპირისპირება იყოს. პირველი მსგავსი საარჩევნო მარათონი 1992 წელს გაიმართა, რა დროსაც ერთმანეთს ბილ კლინტონი და ჯებ ბუშის მამა, ჯორჯ ბუშ უფროსი დაუპირისპირდნენ.