თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით კვლავ პრობლემებია

თბილისში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით კვლავ პრობლემებია

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობის ცალმხრივად  აღდგენის მიუხედავად,  თბილისში ავტოტრანსპორტის გადაადგილების კუთხით მაინც პრობლემებია.     

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტები დედაქალაქის სხვადასხვა უბნებიდან იუწყებიან, გართულებულია მოძრაობა თბილისის მერიიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით მოძრაობის მსურველთათვის, ასევე ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოძრაობა თავისუფალია ვახუშტის ხიდიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით.

გუშინდელის მსგავსად გადატვირთულობის პრობლემა კვლავ რჩება მეტროსადგურებში. ამ კუთხით განსაკუთრებით ხალხმრავლობა მეტროსადგურ "ვაგზლის მოედნიდან" საბურთალოს ხაზის მიმართულებით შეინიშნება.

მგზავრებით სავსეა მეტროს პირველი და მეორე ხაზის დამაკავშირებელი გვირაბი. მგზავრები ბაქანზე ყოფნისას ხშირ შემთხვევაში ჩამომდგარ მატარებელში შესვლას ვერ ახერხებენ და მომდევნო მატარებლის მოსვლას ელოდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, იგი დანიშნულების ადგილამდე მიკროავტობუსით გადაადგილდება, თუმცა თბილისში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახლა მეტროთი მგზავრობა მოუწია.