ისრაელისა და ჩეხეთის ზოოპარკის სპეციალისტები ქართველ კოლეგებს დაეხმარებიან. "ისრაელი გვთავაზობს, იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტების დახმარებას, კერძოდ, მოკლე პერსპექტივაში ზოოპარკის სპეციალისტების მოვლინებას თბილისში - სპეციალური აღჭურვილობით, თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მხეცების უვნებელი ევაკუაციის მიზნით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, თანამშრომლობას თბილისის ზოოპარკის აღდგენის მიზნით", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები თბილისში ხვალ ჩამოვლენ.
ამასთან, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს ინფორმაციით, თბილისში უკვე ჩამოვიდა ექვსი ჩეხი ექსპერტი, რომლებიც თბილისის ზოოპარკს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ და საჭიროებისამებრ დახმარებას გაუწევენ.
2002 და 2013 წლებში პრაღის ზოოპარკი წყალდიდობის შედეგად დაიტბორა.