"კაბელების საქმეზე" სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და ე.წ. კაბელების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ დაუშვებლად ცნობილი ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად სცნო. 
ადვოკატების ინფორმაციით, საუბარია სასაქონლო-საინჟინრო ექსპერტიზაზე, რომლის საფუძველზეც, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს ბრალი წარედგინათ.

საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო, რის შემდეგაც პროკურატურამ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 

დაცვის მხარის ადვოკატებმა მეორე ინსტანციის მოსამართლეს განცხადებით მიმართეს, რომ საჩივარზე ზეპირი მოსმენით, ანუ მხარეთა დასწრების პირობებში ემსჯელა, თუმცა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის საჩივარი ზეპირი მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა.