სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოსაფხვრელად დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდება

სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოსაფხვრელად დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდება

სტიქიის შედეგების სწრაფად და ეფექტიანად აღმოფხვრის მიზნით, დაზარალებულ უბნებზე სახელმწიფო უწყებების ფუნქციები განაწილდება, - გადაწყვეტილება საგანგებო შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

ზოოპარკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო იმუშავებს, სვანიძის ქუჩაზე - თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, ყიფშიძის ქუჩაზე - გარემოს დაცვის სამინისტრო, წყნეთის ქუჩაზე - თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური, "მზიურის" ტერიტორიაზე - შინაგანი ჯარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშველები, ასევე, ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება დამატებითი ტექნიკა. 

რაც შეეხება ახალდაბასთან დამაკავშირებელ გზას, ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გზა მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაიხსნება. მათივე ინფორმაციით, გზის გაწმენდის სამუშაოების პარალელურად, სოფელში, დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და სახლების დასუფთავების მიზნით, 100 სამხედრო მოსამსახურე იმუშავებს. ბაგებში სამუშაოებს აწარმოებს თბილისის მერია, კერძო კომპანიასთან ერთად, ასევე, კერძო კომპანიის მიერ, დედაქალაქის მთავრობის კოორდინაციით, განხორციელდება სამუშაოები ვაკე-საბურთალოს გზაზე. სამუშაოები ახლად გადანაწილებული ფუნქციების შესაბამისად, დილიდან დაიწყება და ცნობები საგანგებო შტაბსა და პრემიერ-მინისტრს მუდმივ რეჟიმში მიეწოდება. 
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ინფორმაციას ინტენსიურად მიიღებს მოსახლეობა.