დონბასში რუსული იარაღის ნაკადი მინსკის შეთანხმების გაფორმების შემდეგაც არ წყდება

დონბასში რუსული იარაღის ნაკადი მინსკის შეთანხმების გაფორმების შემდეგაც არ წყდება

დონბასში რუსული იარაღის ნაკადი მინსკის შეთანხმების გაფორმების შემდეგაც არ წყდება, - ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, გაერო-ში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სამანტა პაუერმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშინგტონი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

"ყირიმი დარჩება ჩვენს გონებაში და გულში და რუსეთთან ყველა ჩვენს დიალოგში მთავარი თემა იქნება. ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ ყირიმის ანექსია, როგორც სტატუს-კვო. გაერო-ს რუკა არ შეიცვლება. გაერო-ს ყველა რუკაზე ყირიმი იქნება უკრაინის ნაწილი", - განაცხადა სამანტა პაუერმა.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების მებრძოლები იღებენ ყველა სახის შეიარაღებას, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებსაც გამოცდილი ოპერატორები მართავენ.

დასავლეთი რუსეთს პრორუსი მებრძოლების სამხედრო დახმარებაში უკვე ერთი წელია ადანაშაულებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ "ბოევიკების" მხარდასაჭერად დონბასში რუსი სამხედროებიც იბრძვიან. აღნიშნულს ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინაში საბრძოლველად რუსეთიდან მხოლოდ მოხალისეები მიდიან.