მთის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ უნდა მიიღონ

მთის მინისტრის პოსტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ უნდა მიიღონ

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მთის მინისტრის პოსტის შექმნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ უნდა იქნას მიღებული.

ასე გამოეხმაურა კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას მთის საკითხებში სახელმწიფო მინსიტრის პოსტის შემოღებასთან დაკავშირებით.

"ეს სამსჯელოა. ასე ადვილად გადაწყვეტილების მიღება, ვფიქრობ, რთული იქნება. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა განისაზღვროს დადებითი და უარყოფითი მხარეები და შესაბამისად, შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მთავრობის მიერ ინიცირებულ "მთის შესახებ კანონს", როგორც კალაძემ განმარტა, ამ ცვლილებებს მთის სამინისტროსთან კავშირი არაფერი აქვს.

"მთის სამინისტროსთან არაფერი კავშირი აქვს იმ ცვლილებებს, რომელიც ჩვენ მიერ არის ინიცირებული. გადაგზავნილია პარლამენტში, სადაც აუცილებლად მოხდება მსჯელობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ მთაში მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ვიცით, რომ იქ მცხოვრებლების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ დატოვონ თავიანთი სოფლები, წამოვიდნენ ქალაქში. ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ არის გარკვეული მიდგომები მთაში მცხოვრებლებისთვის, იქნება ეს დახმარება, იქნება ეს ხელშეწყობა ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ შევძლოთ და იქ მცხოვრები ადამიანები შევინარჩუნოთ ადგილზე", - განაცხადა კახა კალაძემ.

დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მათ აქვთ ინიციატივა, რომ შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

,,ჩვენ გვაქვს ინიციატივა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას მთის რეგიონების განვითარებისთვის. ის კოორდინირებას გაუწევს სხვადასხვა უწყებებს და ვფიქრობ, რომ მთავრობა წინადადებას გაითვალისწინებს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.