„მივმართავთ პრეზიდენტს, რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნას 8 მაისს 13:00 საათიდან“

„მივმართავთ პრეზიდენტს, რიგგარეშე სხდომა მოწვეულ იქნას 8 მაისს 13:00 საათიდან“

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ მიმართვა გაუგზავნა.

ამის შესახებ განცხადება უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

„საქართველოს პარლამენტში შემოვიდა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინება საქართველოს კონსტიტუციის 81 პრიმა მუხლის შესაბამისად, მთავრობის შემადგენლობის წარმოდგენის თაობაზე. დღეს მე ბიუროს ვაცნობ ამ ვითარებას და ასევე ვაპირებ დღეს ხელი მოვაწერო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას პრეზიდენტისადმი, რათა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოწვეული იქნეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 2015 წლის 8 მაისს 13:00 საათიდან. მიმდინარე კვირა პლენარული სხდომების კვირა არ არის რეგლამეტით და ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოსაწვავად 8 მაისს 13:00 საათიდან მივმართავთ. პრეზიდენტს თხოვნით მივმართავ სხდომა მოწვეული იქნეს იმ დღის წესრიგით, რომელსაც ვუგზავნი. დღის წესრიგში მთავარი თემაა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ასევე დღის წესრიგშია პარლამენტიდან მთავრობაში გადასული დეპუტატებისთვის, გიგლა აგულაშვილისთვის და თინა ხიდაშელისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხები. 

ცნობისთვის, პარლამენტმა გადაწყვეტილება მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების თაობაზე დღეიდან 7 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.