იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ადგილზე არ არის არანაირი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმი, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთმა ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივი ვალდებულება აიღოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთსა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შორის გუშინ გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმება იყო.
"განვიხილეთ ის საფრთხეები, რასაც ე.წ. ხელშეკრულების ამოქმედება უქმნის სტაბილურობას და უსაფრთხოებას არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება მისცენ რუსეთის ამ და სხვა ქმედებებს. ასევე, აღვნიშნეთ, რომ ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურება არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ასევე უფრო მკაფიოდ წამოწევა ამ საკითხის და საერთაშორისო ფორმატებზე", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, უკვე გუშინდელი დღიდან გაკეთდა წინმსწრები მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს პარტნიორების მხრიდან და საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.
"ეს არანაირად არ უწყობს ხელს საერთაშორისო თანამეგობრობის და კონკრეტულად საქართველოს მცდელობას, იმუშაოს რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების განვითარებისთვის. ამასთან, არის კმაფიო მოწოდება რუსეთისთვის, რომ დაემორჩილონ საერთაშორისო ნორმებსა და წესებს", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მისივე თქმით, შეხვედრებზე ასევე განხილული იქნა სამომავლო გეგმები, თუ როგორ გაგრძელდეს თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან. შეხვერის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმაც.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სთხოვა თავიანთ დედაქალაქებს მიაწოდონ ინფორმაცია რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რასაც ის აუცილებლად გააკეთებს.
"ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის გულიდან მომდინარე მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, სადაც იყო გამოხატული საქართველოს პოზიცია რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ე.წ. შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. ქალბატონმა მინისტრმა ჩვენ გვთხოვა, რომ ჩვენს დედაქალაქებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რასაც დაუყოვნებლივ გავაკეთებ, შევატყობინებ ვაშინგტონს საქართველოს პოზიციის შესახებ", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა და აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ თავისი პოზიცია წინმსწრებად ჯერ კიდევ გუშინ დააფიქსირა, სადაც აღნიშნა, რომ იგი არ აღიარებს რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას.