ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ჩინოვნიკის სახელი კიდევ ერთ საეჭვო, გამარტივებულ ტენდერს დაუკავშირდა. ახალ შესყიდვებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარი დახარჯა.
ოპოზიციის განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკმა გელა ხანიშვილმაგამარტივებული წესით შესყიდვები განგებ ჩაატარა და სატენდერო პროცედურების გვერდის ავლით, კონტრაქტი მათთვის სასურველ კომპანიებთან გააფორმა.
"ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 667 812 ლარი დახარჯა კომპიუტერული ტექნიკისთვის, 896 920 ლარით იყიდა 491 ცალი კარი. 883 325 ლარი სკამების, დივნებისა და სავარძლებისთვის; 459 578 ლარი სხვა ავეჯისთვის.
კონტრაქტი ერთ პირთან მოლაპარაკებით გაუფორმდა შპს. ,,გოლბის’’, რომლის დამფუძნებლებიც გახლავთ ,,ქართული ოცნების’’ საკრებულოს უმრავლესობიდან ლევან დარახველიძე და მისი ძმა-ირაკლი დარახველიძე“-განაცხადა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.
ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, რომელიც ამ ღონისძიებისთვის შესყიდვებსაც აწარმოებს და რომელსაც გელა ხანიშვილი კურირებს, ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ხანიშვილის “ ხელმძღვანელობით“, თბილისი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციისათვის, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, ბიუჯეტის ფულით 4 მილიონ 700 ათას ლარად 67 ახალი ავტომობილი, ბიზნესკლასი TOYOTA CAMRY შეიძინეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამ გარიგებით ბიუჯეტმა 1 მილიონი ლარი იზარალა, რადგან ჩინოვნიკების არასწორი მიდგომების გამო ვერ მოხერხდა ამ საბიუჯეტო თანხის დაზოგვა, რაც სავსებით შესაძლებელი იყო.
ხანიშვილი, ძველი კადრია, 1998 - 2000 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, რა დროსაც ამ სამინისტროს ხელმძღვანელების მიმართ კორუფციულ სქემებსა თუ გარიგებებზე არაერთი ბრალდება ისმოდა.
საბიუჯეტო თანხების ამ ოდენობით ხარჯვა იმ ფონზე განხორციელდა, როცა ქვეყანაში სავალუტო კრიზისია, ლარი გაუფასურებულია და მთავრობა ზედმეტი ხარჯების შემცირების მიზნით, სამინისტროებს ეკონომიას ჰიგიენურ საშუალებებზეც კი სთხოვს.