ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სხვადასხვა თანამდებობაზე, ადამიანები ძირითადად ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურისა და მომსახურების სააგენტოს უფროსის ზურაბ ახალკაციშვილის ნათესაობ-მეგობრობის ნიშნით ინიშნებიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია 14 პირზე, რომელთაგან 8 პირი ხადურის ნათესავი და მეგობარია, ხოლო დანარჩენი, ახალკაციშვილისა და მისი მოადგილის გიორგი ხანიშვილის ახლობელ-პროტეჟეები. ასევე, საუბრობენ იმასაც, რომ მომსახურების სააგენტოში ნოდარ ხადურის იჯახის პირადი დამხმარე ვინმე ჯიშკარიანიც არის დასაქმებული.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ,,კომერსანტი" ზურაბ ახალკაციშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურა. ახალკაციშვილის თქმით, დასახელებული პირები კონკურსის გავლის შედეგად შეირჩა, თუმცა ამასთანავე მათთან მანამდე მეგობრული ურთიერთობა დაადასტურა.
ახალკაციშვილი განმარტავს, რომ ჩამოთვლილი პირებიდან ყველას არ იცნობდა, თუმცა რამდენიმე მათგანი მისი ძველი კოლეგაა, მათთან ერთად ნამუშევარი ჰქონდა და მათი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის იმედით სააგენტოში დაასაქმა.
მისი თქმით, სააგენტოში კადრები მისი ძველი სამსახურებიდან - საქავტოტრანსიდან, და „გალფიდან" გადაიყვანა.
ახალკაციშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ეს სამსახური როდესაც შეიქმნა 13 კაცი მუშაობდა, მისმა წინამორბედმა კი კადრები სამსახურში 140 კაცამდე გაზარდა, რომლებიც ახალკაციშვილის თქმით, წინა უფროსის ნაცნობები და ახლობლები იყვნენ, ვისაც ის ენდობოდა.
„მეც ვისაც ვენდობი ის ხალხი მოვიყვანე, ისე, რომ ერთი ადამიანი არ გამიშვია და არ შემიმცირებია", - აღნიშნავს ახალკაციშვილი.
ამასთან აცხადებს, რომ აღნიშნული პირებიდან პრიორიტეტი არავის მინიჭებია, ყველა ადამიანი, ვინც სამსახურში მიიღეს, კონკურსი გაიარა.
რაც შეეხება ხადურის საახლობლოს, ახალკაციშვილი აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრის რეკომენდაციით სააგენტოში არცერთი კადრი არ არის დანიშნული, მეტიც, მათ თვალითაც არ ჰყავთ მინისტრი ნანახი ტელევიზორის გარდა.
გავრცელებული ინფორმაციით ჩამოთვლილი ნათესავური კავშირები ახალკაციშვილმა არც მისი და არც მინისტრის შემთხვევაში არ დაადასტურა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის დამხმარის, ვინმე ჯიშკარიანის შესახებ, ახალკაციშვილი მსგავსი პიროვნების დასაქმებას ადასტურებს და აცხადებს, რომ ის სააგენტოში მეორე სართულის დამლაგებელია, თუმცა ფინანსთა მინისტრის პრეს-სამსახურში ,,კომერსანტს" განუცხადეს, რომ ვინმე ჯიშკარიანი ხადურის ოჯახის დამხმარე არ არის და ეს ინფორმაცია სიცრუეა.
აღსანიშნავია, რომ ზურაბ ახალკაციშვილი მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტს 2013 წლიდან იკავებს, 2012-2013 წლებში ის სააგენტოში გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.
რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდში მის გამოცდილებას, 2011 წლიდან 2012 წლის ივნისამდე ის ჯერ შპს "სენტა პეტროლეუმის" ავტოგასამართ სადგურის მენეჯერი, ხოლო შემდგომ შპს "სან პეტროლეუმ ჯორჯიას", ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი.
2009 წლამდე პერიოდში კი იგი შპს "საქავტოტრანსში" და შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა. .