მიხეილ სააკაშვილი - ძველი იმპერიული პრინციპი -

მიხეილ სააკაშვილი - ძველი იმპერიული პრინციპი - "დაყავი და იბატონე", დღესაც გამოიყენება

ძველი იმპერიული პრინციპი - "დაყავი და იბატონე", დღეს გამოიყენება ისე, როგორც გამოიყენებოდა ორი საუკუნის წინათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ისტორია გვასწავლის იმას, რომ ტოლერანტობა ჩვენს რეგიონში ჩვენივე სუვერენიტეტის საფუძველია.

"ისტორიის ცოდნა აუცილებელია. ჩვენი ისტორია კი გვასწავლის იმას, რომ ტოლერანტობა ჩვენს რეგიონში ჩვენივე სუვერენიტეტის საფუძველია. ტოლერანტობა არაა მხოლოდ მორალური ვალდებულება, იგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა. უნდა ვიცოდეთ ისტორია და გავიგოთ, რომ ძველი იმპერიული პრინციპი - "დაყავი და იბატონე" დღეს გამოიყენება ისე, როგორც გამოიყენებოდა ორი საუკუნის წინათ. შეხედეთ ჩვენს რეგიონს დღეს. ვინც იცის კავკასიის რეგიონის ისტორია, ემახსოვრება, რომ სომხურ-აზერბაიჯანული სისხლისღვრა, რომელიც 1905 წელს მოხდა, პირდაპირ იყო მანიპულირებული ცარისტული ადმინისტრაციის მიერ. განა არ შეგვიძლია ეს შევადაროთ 1980-იანი წლების ბოლოს ყარაბაღის კონფლიქტის გაჩაღების დასაწყისს? რუსეთის არმია იქ იყო, თანაც დიდი რაოდენობით და მის თვალწინ დაიწყო ომი. ისინი ორივე მხარეს თავს აჩვენებდნენ, რომ ეხმარებოდნენ, რეალურად კი კონფლიქტს აღვივებდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ვინც ისტორია იცის, ადვილად გაიხსენებს 1990-იანი წლების დამდეგს აფხაზეთში ომის დაწყებასაც, "როდესაც ქართული ნახევრადგასამხედროებული ფორმირებები იარაღს იღებდნენ იმავე რუსული ჯარისგან, რომელიც, თავის მხრივ, მოუძღოდა აფხაზურ ფორმირებებსა და ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლებს, რათა ჩაეკლათ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ყოველგვარი სოლიდარობის გრძნობა".

"ეს ხდებოდა ზუსტად ისე, როგორც ასი წლით ადრე, როდესაც ქართველი ოფიცრები იგზავნებოდნენ ჩეჩენი, ინგუში თუ დაღესტნელი ხალხების წინააღმდეგ რუსეთის ომებში ბრძოლის წინა ხაზზე. შეგვიძლია ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში სხვა პერიფერიულ ქვეყნებს გადავხედოთ - მაგალითად, პოლონეთსა და უკრაინას, და ზუსტად იგივე სურათს გადავაწყდებით. იმპერია ცეცხლს უნთებდა დამონებულ ხალხებს შორის ურთიერთობებს და ყოფდა მათ ფანატიკური ანტაგონიზმის კედლით. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ამართლებდა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ იგი დღესაც მუშაობს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.