ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ნაციონალებმა" იმას მიაღწიეს, რომ მათ აღარ ვუსმენ

"ნაციონალური მოძრაობა" არ არის ის ოპონენტი, რომელიც საქართველოს სწორ გზას უჩვენებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ნელა-ნელა ვითარდება და წლების მიხედვით უფრო მეტად ნათელი გახდება, რომ კარად მიდის საქმე.

"მე თავს ავარიდებ კონკრეტული ციფრების დასახელებას, თუ ეკონომიკის რამდენპროცენტიან ზრდას ველოდებით წელს, არა იმიტომ რომ მეშინია, ეს საკმაოდ რთულია და არაპროფესიონალური იქნება რიცხვებში რომ გადავიდე. წლების მიხედვით იგრძნობთ, რომ კარგად მიდის საქმე. ის მილიარდნახევარი, რომელიც წინა მთავრობამ ამოიღო ბიზნესიდან არის დამაქცეველი. ეს ძალიან დიდი ფულია ჩვენი ბიზნესისთვის, ამან ეფექტი ახლა მიიღო. ჩვენ ბიზნესი გავუშვით, აღარ ვერევით," – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გაუგებარია წინა მთავრობა რის საფუძველზე ამბობს, რომ ეკონომიკის 11%-იან ზრდას ელოდებოდა.

"შეხვდნენ ექსპერტებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათ დაუსაბუთონ რა შეცდომები გვაქვს ჩვენ. ექსპერტების დონეზე უნდა მოხდეს ეკონომიკის ანალიზი. მხოლოდ ექსპერტების მიერ დამუშვავებულ წინადადებს მივიღებ. საუბედუროდ, "ნაციონალებმა" მიაღწიეს იმას, რომ მათ აღარ ვუსმენ. ესენი არ არიან ის ოპონენტები, რომლებიც სწორ გზას გვაჩვენებენ," – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მიერ დაწესებული ბიზნესის მართვის გეგმა არაეფექტური იყო.

"ყველა კერძო ბიზნესი იყო ხელშეხებული და მართული ერთი ცენტრიდან და მონოპოლიებით იმართებოდა, ეს მოდის ეკონომიკურ განვითარებასთან წინააღმდეგობაში. ჩვენ ბიზნესში აღარ ვერევით და ეკონომიკა სწორ რელსებზე გადაგვყავს. ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ეკონომიკის განვითარებას დრო სჭირდება. ჩვენ არ ვაპირებთ ექსპერიმენტები ვატაროთ. ხელოვნურადაც ვცდილობთ ჩვენი დაგროვილი გამოცდილება და ნაცნობობა გამოვიყენო. ეს ფონდი, რომელსაც მე დაგპირდით, რამდენიმე ხანში დარეგისტრირდება, შემოვა თანაინვესტირების ფონდი. ეს უფრო გასაგები ენაა ინვესტორებისთვის, ეს კომპლექურად იმუშავებს სტრატეგიაზე" , – აღნიშნა პრემიერმა.