ვანო მერაბიშვილი თავს კარგად გრძნობს და არის ბრძოლის ხასიათზე, - ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს მისი მონახულების შემდეგ განუცხადა. ჩივიაშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
"ის თავს ძალიან კარგად გრძნობს, არის ბრძოლის ხასიათზე და ეს ნიშნავს, რომ ის დარწმუნებულია, რომ დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. ის მარტოა საკანში", - განაცხადა ჩივიაშვილმა.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილთან საუბარი შეეხო იმ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარე აპირებს გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ვანო მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორია ყოფილი პრემიერის პოზიცია ბაჩო ახალაიას ადვოკატის განცხადებაზე, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდნენ ვანო მერაბიშვილის დავალებით მოქმედებდნენ, ჩივიაშვილმა განმარტა, რომ ვანო მერაბიშვილი ამას აბსურდულს უწოდებს და მასზე საუბარი არ სურს.
ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის საუბარი დაახლოებით 35 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ვანო მერაბიშვილი, რომელსაც გუშინ შეეფარდა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, სასჯელაღსრულების #9 ე.წ. მატროსოვის დაწესებულებაში არის გადაყვანილი.