საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, სასულიერო პირთა ბრალეულობის მიზეზი კონკრეტული ქმედება უნდა იყოს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით.
პატრიარქის მდივნისთვის ორი სასულიერო პირის, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და წმ. იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიასთვის ბრალის წაყენების შესახებ ინფორმაცია უცნობი იყო.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში ტელევიზიით გადაცემულ კადრებში ხშირად ამ სასულიერო პირებს აჩვენებდნენ.
"პოილიციის თანამშრომლები გაესაუბრებიან და ჩვენებას ჩამოართმევენ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის, როდესაც კადრში ისმის გინება. არ ვიცი რთული სათქმელია. მამა იოთამს დავინახე, რომ სკამი უჭირავს ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი", _ დასძინა მამა მიქაელმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნულმა სასულიერო პირებმა შესაძლოა, მოგვიანებით თავად გააკეთონ კომენტარი.
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ ( ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.
გამოძიება შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.