შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გიორგი ხ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 22 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ქუთაისში 5 მაღაზია დააყაჩაღა. სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლში დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ,,ტე–ტე“–ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი, 6 საბრძოლო ვაზნა და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე–2 ნაწილით, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).