თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ზაზა გაბუნია განცხადებით, "თბილისის მერმა გიგი უგულავამ სამართლიანად აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის გზას შესაძლოა, თავადაც გაუდგეს".
"მინდა, ვკითხო უგულავას, მერაბიშვილის გზაა თავისუფლების?! ამ შემთხვევაში ციხეზე გადის არა თავისუფლების, არამედ მკვლელობის, ძალადობის, საკუთრების წართმევის, კორუფციის, ფინანსური მაქინაციების გზა და უგულავამ სამართლიანად აღნიშნა, რომ იმავე გზას შესაძლოა თავადაც გაუდგეს, როგორც უსამართლო მმართველი", - განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნია მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ორგანიზაცია “პატრიოტების” მიერ ხელმოწერების დაწყების ფაქტსაც გამოეხმაურა.
"მოსამართლის გადაწყვეტილება გაბედული და სამართლიანია. სააკაშვილის და მისი დამქაშ-მხარდამჭრების ქცევა კი - არაბუნებრივი, უადგილო. ვის გათავისუფლებას ითხოვენ, ძალადობასა და მკვლელობაში, მიმტაცებლობასა და უსამართლობაში საზოგადოებისგან ბრადებულის? ეს არასერიოზულია და აჩვენებს რამდენად მოწყდნენ ხალხს და სინამდვილეს", - აღნიშნა გაბუნიამ.
მისი აზრით, მერაბიშვილის დაკავებით "ნაციონალურ მოძრაობაში" ბევრმა ამოისუნთქა, განსაკუთრებით ამ პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ახალმა თაობამ".