შს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას პროცესზე დაცვის მხარემ ფოტოები წარმოადგინა, რომელზეც საქმეში დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელების დასვენებაა ასახული.
როგორც ახალაიას ადვოკატები აცხადებენ, წარმოდგენილი მასალები სპეცრაზმელების წამების ეპიზოდში ბაჩო ახალაიას უდანაშაულობას ადასტურებს.
ადვოკატების თქმით, ფოტოებზე დაზარალებულად ცნობილი სპეცრაზმელები წვრთნებიდან შვიდი დღის შემდეგ თურქეთის ხუთ ვარსკლავიან სასტუმროებში არიან გადაღებული, სადაც მათ ძალადობის არანაირი კვალი არ აღენიშნებათ და ისინი თურქეთში არა სარეაბილიტაციო ცენტრში იყვნენ, არამედ ანტალიაში ისვენებდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფლების მხარდაჭერის ცენტრის" წარმომადგენელის გოგა ონიანის განცხადებით, სპეცრაზმელებს ბაჩო ახლაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ვანო მერაბიშვილის მოადგილემ აიძულა და სანაცვლოდ ისინი შალვა ჯანაშვილმა თურქეთში დასვენებლად გაუშვა.
"7 დღის შემდეგ ასეთი ნაწამები ადამიანები როოგრ ახერხებდნენ, მათ ცოლებთან და ექიმებთან ერთად ასეთი სახის გართობას მაშინ, როდესაც მათი განცხადებით, რაც ეს დაზიანებები მიღეს, 2 თვე ფეხზე ადგომას ვერ ახერხებდნენ. ამ ადამიანებს განუცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც ამ სარეაბილიტაციო კურსს გაივლიდნენ, ბატონი ჯანაშვილი მათ ეტყოდათ, თუ ვისზე რა ჩვენებები უნდა დაეწერათ", - განაცხადა ონიანმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება ბაჩო ახალაიას შს მინისტრად მუშაობის პერიოდს, როდესაც მან, გამოძიების ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნებისადმი" სიმპათიების გამო შს სამინისტროს 7 თანამშრომელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
პროკურატურის ინფორმაციით, ახალაიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,დ,ე,ვ ქვეპუნქტებით და ასევე სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა,ბ,დ,ე,ვ ქვეპუნქტებით ედება.