არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით საყვარელიძის ბრალდებას უარყოფს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" დღეს განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ 22 მაისს, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვისას ქუთაისის საქალაქო სასმართლოსთან გამართული აქციის დროს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა სახემ, "პროკურორად მუშაობის დროს ჯალათობით სახელგანთქმულმა" დავით საყვარელიძემ საზოგადოებას წარუდგინა ჩხირების ფორმის, გაურკვეველი დანიშნულების საგნები და ამტკიცებდა, რომ ეს "ცივი იარაღები" წარმოადგენდნენ ე. წ. "შტირებს" და რომ ისინი "კაკაბაძე-ვაჩნაძის ბანდის" თუ "კაკაბაძის საძმოს" წევრებს მისი მშობლიური პარტიის მხარდამჭერებმა წაართვეს და პოლიციელებს გადასცეს.
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საყვარელიძის აღნიშნული განცხადება ცილისმწამებლურია და არსებობს ერთი "პატარა" შეუსაბამობა.
"ოდნავ მოაზროვნე ადამიანს მაშინვე გაუჩნდებოდა ლოგიკური შეკითხვა: როგორ მოახერხა დამნაშავე პარტიის მხარდამჭერმა მათ წინააღმდეგ გამართული აქციის ასეულობით მონაწილეში შეღწევა და მათთვის "შტირების" წართმევა ისე, რომ ამ საშიში "ბანდის" წევრებს ის არც მოუკლავთ, არც უცემიათ და მისთვის ერთი ჭიტლაყიც კი არ უთავაზებიათ. განა მთელი საღამო შეშინებული გოკა გაბაშვილი პოლიციას საჯაროდ არ მოუწოდებდა, არიქა, გვიშველეთ, საშიში დამნაშავების ბანდა სასამართლოს ეზოში დგას და ჩვენ შენობაში ვერ შევდივართო? ან იმას როგორ დაიჯერებს ჭკუათმყოფელი კაცი, რომ ეს ე. წ. შტირები ჯერ პოლიციას გადასცა საყვარელიძემ, მერე კი გამოართვა, მათხოვეთ, ახლა ტელევიზიით უნდა ვაჩვენო და მერე დაგიბრუნებთო",- აცხადებენ ორგანიზაციაში.