პარლამენტის ვიცე სპიკერის, ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ბიუჯეტის სახსრების არასწორად განაწილების გამო პასუხი არა მეისრეებმა, არამედ ამ პროცესის სათავეში მყოფმა ადამიანებმა უნდა აგონ.
როგორც ზვიად ძიძიგური აცხადებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებაში განსაკუთრებული არაფერია და როდესაც კონკრეტულ დანაშაულზეა საუბარი, მაღალი თანამდებობის პირებს ევროპულ სახელმწიფოებშიც აკავებენ.
"ბიუჯეტის სახსრების არასწორად განაწილების გამო პროკურატურამ 2 000-ზე მეტი ადამიანი დაკითხა. პასუხი უნდა აგოს არა მეისრეებმა, არამედ ადამიანებმა, რომლებიც ამ პროცესს სათავეში ედგნენ. კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მაღალი თანამდებობის პირებს დანაშაულის გამო წამყვან დასავლურ ევროპულ სახელმწიფოებშიც აკავებენ და ეს ასე ხდება ევროპაში, იტალიაში, საფრანგეთში და ბევრ სხვა ქვეყანაში. რაც უფრო მაღალია თანამდებობა მით მეტია პასუხისმგებლობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივაციის შესახებ ძიძიგური თვლის, რომ პოლიტიკური ოპონენტები სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად შეაფასებენ.
"თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მოეწონებოდათ, მაშინ იტყოდნენ, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნა იყო, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა, ხოლო თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოეწონებოდათ, მაშინ იტყოდნენ, რომ სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდება. ისინი სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად შეაფასებდნენ", - მიიჩნევს ზვიად ძიძიგური.