ჟურნალისტი ირმა ინაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება.
აღშნიშნულთან დაკავშირებით ინაშვილი განცხადებას ავრცელებს.
"ზუსტად ერთი თვის წინ,"მე-9" არხის გადაცემაში "მატრიცა" საჯაროდ განვაცხადე, რომ ვანო მერაბიშვილს აუცილებლად დააპატიმრებდნენ. ერთი თვის შემდეგ, ჩემი ინფორმაცია დადასტურდა. ამ დროისთვის ივანე მერაბიშვილი დაკავებულია და დიდი იმედი მაქვს, რომ სააკაშვილის რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნების მსგავსად, მას (როგორც კრიმინალს) გირაოს საფუძველზე არ გაათავისუფლებენ. ხაზგასმით ვამბობ: უკანასკნელი 9 წლის მანძილზე ვანო მერაბიშვილს ჩვენს ქვეყანაში არა ერთი, არამედ ასობით დანაშაული აქვს ჩადენილიც და ორგანიზებულიც. მან უმკაცრესად უნდა აგოს პასუხი, კანონისა და საზოგადოების წინაშე და მიბრძანდეს იმ ციხეში, სადაც სააკაშვილის, მისი (მერაბიშვილის), ახალაიას და სხვა სადისტების დავალებით ასობით პატიმარს უმოწყალოდ აწამებდნენ. მივესალმები ახალი ხელისუფლების გაბედულ გადაწყვეტილებას, - აღასრულოს სამართალი და მისი აღასრულება დაიწყოს რეჟიმის ორგანიზატორებით. ახლა ვამბობ, რომ იგივე ბედს მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილიც გაიზიარებს", - განაცხადა ინაშვილმა.