ნაჩქარევი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პროკურატურამ მერაბიშვილს ნახევარი ბრალი დღეს წაუყენა და ნახევარი დააანონსა, ადასტურებს, რომ მთავრობას სურდა გადაეფარა ის ფონი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შეიქმნა, განსაკუთრებით 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გადაცემა "პოზიციაში" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმ ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით ძალიან დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. "ეს გამოძიება შესაძლებელია დიდი ხანი მიდიოდა, მაგრამ ის, რომ არ დაელოდნენ გამოძიებას, ის, რომ ბრალის მეორე ნახევრის წაყენება პროკურატურას დაანონსების სახით მოუწია, ნათლად მიუთითებს, რომ ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება. ნაჩქარევი იმასთან მიმართებაში, რომ გადაწყვიტეს იმის გაკეთება დღეს, რის გასაკეთებლად დღეს მზად არ იყვნენ და რისი გამოცხადებაც მოუწიათ ანონსის სახით. გამოძიება კი მიდიოდა, მაგრამ ის, რომ დღეს გაკეთებულიყო ეს ბრალი, განაპირობა ყველა იმ პროცესმა, რომელიც ბოლო დღეებში მიდიოდა და ეს განსაკუთრებით 17 მაისის გადაფარვის მცდელობაა", - აღნიშნა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, სამართლებრივ სივრცეში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც მერაბიშვილზე დაანონსდა, რომ მას ბრალი 26 მაისთან და გირგვლიანის საქმეზეც წარედგინება. "პროკურატურის მხრიდან დაანონსების ახსნის ორი გზა არსებობს. პირველი არის ის, რომ ეს საქმეები ბოლომდე არ არის მიყვანილი და პროკურატურას უნდოდა ემოციური ფონი შეექმნა. ეს ორივე საქმე არის უმძიმესი და მართლაც რეზონანსული. ამ საქმეების ხსენებით პროკურატურას უნდოდა შეექმნა ემოციური ფონი, რომ კი, ესმით, რომ უყენებენ რაღაც უსუსურ ბრალდებას ადამიანებისთვის ხელფასის გაცემის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, 26 მაისი და გირგვლიანი და ამას ჩვენ მომავალში წავუყენებთ. თუ ეს ბრალი არსებობს, ეს ბრალი იმავე ბრიფინგზე უნდა წაეყენებინა პროკურატურის წარმომადგენელს, სადაც წააყენა ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებული ბრალი. თუ ამისთვის მზად არ იყვნენ, მაშინ საერთოდ არ უნდა ესაუბრა პროკურატურას. მეორე განმარტება ამ დაანონსების არის ის, რომ პროკურატურა ჯერ არ იყო მზად ამ ბრალების წაყენებისთვის, მაგრამ იჩქარეს. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ მძიმე მოვლენები ამ ხელისუფლებისადმი. მძიმე იყო ის კორუფციული სკანდალი, რომელიც ამ ხელისუფლებაში დატრიალდა. ეს სიჩქარე გამოწვეული იყო იმით, რომ მთავრობას სურდა გადაეფარა ის ფონი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში შეიქმნა კრიმინალთან, კორუფციასთან და 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ბაქრაძემ.