საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრ რამილ უსუბოვს შეხვდა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს.
დღესვე გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრ ქემალედინ გეიდაროვთან. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ასევე გაიმართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრთან.
დღის ბოლოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ ელჩინ გულიევს შეხვდა. მხარეებმა საზღვრის დაცვის კუთხით ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხზე ისაუბრეს.
ოფიციალურ შეხვედრებამდე ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად "საპატიო დაკრძალვათა" ხეივანი მოინახულა. მინისტრმა აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის, ზარიფა ალიევას საფლავები გვირგვინითა და ყვავილების თაიგულით შეამკო.
"საპატიო დაკრძალვათა" ხეივანის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი "შეჰიდების ხეივნისკენ" გაემართა, სადაც "მარადიული ცეცხლის " მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 22 მაისს დასრულდება.