საზოგადოება ერთმანეთს ვანო მერაბიშვილის დაკავებას ულოცავს, რაც საშინელი და ტრაგიკული ფაქტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების კონტექსტში პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი აბსურდულია. "სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში იმაზე დიდი აღტაცება მოჰყვა დღევანდელ დაკავებას, ვიდრე ვისურვებდი, რომ ყოფილიყო. ხალხი ერთმანეთს ულოცავს, რაც საშინელი ფაქტია. ეს იმას ნიშნავს, რომ მერაბიშვილმა იმდენად დიდი სიძულვილი დათესა საზოგადოებაში, რომ ხალხი მტკიცებულებების წარმოდგენასაც აღარ ელოდება", - განუცხადა ჟურნალისტებს პაატა ზაქარეიშვილმა.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრი დარწმუნებულია, რომ გამოძიება უტყუარი მტკიცებულებების დადებას შეძლებს. "სამწუხაროდ, ეს მტკიცებულებები იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ჩვენ ეს შეგვიძლია, რომ ავიტანოთ", - დასძინა პაატა ზაქარეიშვილმა.