პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირწმუნება, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება თავისუფალი და ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება.
როგორც დღეს განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა საქმეში თავის სიტყვას სწორედ სასამართლო იტყვის.
"როდესაც განსაკუთრებული ინტერესის შემცველი საქმეები არსებობს, სამართალდამცავი ორგანოები თითოეულ ასეთი საქმის გამოძიებაზე განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა მუშაობდნენ. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში წარიმართა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სამართალდამცველები თავად დარწმუნებულიყვნენ, ჰქონდათ თუ არა საკმარისი საფუძველი და მკიცებულებები. ახლა ჯერი სასამართლოზეა. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება საქმის გარჩევა და სასამარლო თავის სიტყვას იტყვის. უნდა დავამკვიდროთ ქვეყანაში იმის ტრადიცია, რომ კანონი კანონობს და საკითხი იმის შესახებ, ვინმემ დაარღვია თუ არა კანონი, არის სასამართლოს გადასაწყვეტი. ამიტომ ყველას მივმართავ, თავი შევიკაოთ იმ განცხადებებისგან, რომ დამნაშავეები დაიჭირეს და ასევე იმის თქმისგან, რომ უსაფუძვლოდ მოხდა ვიღაცის დაკავება. ამ ყველაფერს სასამართლო გაარკვევს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.