"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძე მერაბიშვილის სახლიდან დიდი ოდენობით თანხის ამოღებას ადასტურებს.
როგორც გაბაიძემ მერაბიშვილის სახლის ჩხრეკის შემდეგ განაცხადა, თანხა სხვადასხვა ვალუტაშია.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა დღესვე კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლიც გაიჩხრიკა, საიდანაც მათ ჭიაბერაშვილისა და მისი ქალიშვილის კომპიუტერი და ასევე გუბერნატორის კუთვნილი სამეცნიერო ნაშრომები წაიღეს.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელების ფარგლებში ამომრჩეველთა მოსყიდვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს.
პროკურატურის ცნობით, ივანე მერაბიშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-1, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 7-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, ვანო მერაბიშვილს უახლოეს მომავალში დამატებითი ბრალდება 26 მაისისა და სანდრო გირგვლიანის საქმეების გამო წარედგინება.
ვანო მერაბიშვილთან ერთად დაკავებულია ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. პროკურატურის ცნობით, ჭიაბერაშვილი დასაქმების პროგრამის განხორციელებისას ბიუჯეტიდან უკანონოდ დახარჯული 5.2 მილიონი ლარის გამო დააკავეს.